ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 6 ბავშვმა გამოთქვა, 10-ის გაყვანაზე მუშაობა მიმდინარეობს- ინფორმაცია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტომ გაავრცელა. რა ვითარებაა ნინოწმინდის პანსიონში და როგორი პირობებია შექმნილი აღსაზრდელებისათვის, ამის გასარკვევად დაწესებულებაში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლებიც შევიდნენ. ისინი პანსიონში 2018 წლის შემდეგ არ ყოფილან.
შემოწმების შემდეგ მათ ასევე დაადგინეს რიგი დარღვევები, თუმცა მათივე განმარტებით დაფიქსირებული ხარვეზები ლიცენზიის შეჩერების საფუძველი არ არის.
პანსიონში არსებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებ შინაგან საქმეთა სამინისტროც. თუმცა აღნიშნულის შესახებ ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა რაც ინფორმაცია სახალხო დამცველმა გაავრცელა.
გაირკვა რომ გამოძიება 4 საქმეზე მიმდინარეობს და უკვე გამოკითხულია რამდენიმე არასრულწლოვანი.
აქვე გეტყვით რომ ნინოწმინდის პანსიონში არსებული ვითარება მას შემდეგ გახდა საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანი, რაც სახალხო დამცველის აპარატმა არაერთგზის აღნიშნა, რომ მას დაწესებულებაში სასულიერო პირი, პანსიონის ხელმძღვანელი არ უშვებს. საკითხს გაეროს შესაბამისი კომიტეტიც გამოეხმაურა და მთავრობას მოუწოდა უზრუნველეყო კანონით გათვალისწინებული პირობების შესრულება.თუმცა კვირების განმავლობაში არც გაერო აღმოჩნდა საპატრიარქოზე ავტორიტეტული ქვეყნის მთავრობისთვის.
რაც შეეხება მთავრობას, დამოკიდებულება საკითხის მიმართ და შესაძლო ძალადობის ფაქტების მიმართ ხანგრძლივი პროტესტის და საზოგადოების მოთხოვნის შემდეგაც რადიკალურად არ შეცვლილა. მაგალითად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტოს ჩართულობის შედეგად, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მყოფ ბავშვებს საფრთხე არ ემუქრებათ და ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ სახალხო დამცველმა მონიტორინგი რეალურად განახორციელოს
რას ყვებიან ბავშვები? დაწესებულების ერთ-ერთი ყოფილი აღსაზრდელი იმ შემთხვევებს იხსენებს, რომელიც პანსიონში ყოფნისას მან პირადად განიცადა ან ნახა.
თუმცა, მეორეს მხრივ არიან ისეთი აღსაზრდელებიც, რომელთათვის ეს დაწესებულება არის ერთადერთი გამოსავალი მიიღოს მინიმალური სასიცოცხლო საჭიროებები და განათლება.
სამოქალაქო სექტორში პრობლემის ანალიზისას ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს აქამდე უნდა დაეწყო მსგავსი პანსიონატების დეინსტიუტიონალიზაცია და ყველა ბავშვი გადაეყვანა ოჯახებში ან ოჯახებთან მიახლოებულ გარემოში.
რა პირობების გამო მიჰყავთ მშობლებს შვილები პანსიონში აღსაზრდელად, რა აიძულებთ ოჯახებს შვილები უცხო გარემოში დატოვონ აღსაზრდელად? სხვა რა ალეტნარტივა ჰქონდათ? შესთავაზა თუ არა მთავრობამ ოჯახს სხვა გამოსავალი ან პანსიონიდან გასვლის შემდეგ როგორ გარემოში აღმოჩნდებიან ბავშვები? ჩვენ შევეცდებით თემას ამ კითხვების ჭრილშიც მივყვეთ და მოგვიანებით სისტემური ანალიზი შემოგთავაზოთ.