ნინოწმინდის პანსიონში ე.წ აღურიცხავი ბენეფიციარები იმყოფებოდნენ – ამის შესახებ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელი ანა არგანაშვილი გვეუბნება. ორგანიზაციის შეფასებით, ფაქტი შემაშფოთებელია და ბავშვის დაუცველობას უსვამს ხაზს.
იყვენენ თუ არა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღურიცხავი ბავშვები? სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან ამ ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ. ინფორმაციის მოწოდებას ველოდებით შსს-დანაც.
ასევე, ანა არგანაშვილის თქმით, ომბუდსმენმა პანსიონიდან გაყვანილი ბავშვები მოინახულა. მისი ინფორმაციით, არასრულწლოვანთა ნაწილი ალტერნატიულ ზრუნვაში გადავიდა, ნაწილი კი ოჯახებში დაბრუნდა. დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ აუცილებელია ბავშვების ოჯახებში დაბრუნება. თავის მხრივ ოჯახები კი სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს.
სად და რა ვითარებაში არიან პანსიონიდან გაყვანილი ბენეფიციარები? კითხვით ჩვენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დავუკავშირდით. ორგანიზაციაში გვითხრეს, რომ კომენტარს არ გააკეთებდნენ და შემოგვთავაზეს გავრცელებული განცხადებით შემოვფარგლულიყავით. უწყების ცნობით, ამ დროისთვის პანსიონატი დატოვა 20 -მა არასრულწლოვანმა, რომელთაგან 7 შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირია.
განცხადებაში ასევე უარყოფილია ინფორმაცია, რომ პანსიონატიდან არასრულწლოვნების გამოყვანის პროცესი ქაოტურად, თვითდინებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს გვერდის ავლით მიმდინარეობს.
“ბავშვების გამოყვანის საკითხი თანმიმდევრულად ხორციელდება. მიმდინარეობს მუშაობა დარჩენილი მოზარდების ზრუნვის ალტერნატიულ ფორმაში განთავსებაზეც. ამასთანავე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტები ყველა გაყვანილ არასრულწლოვანთან ინდივიდუალურად აგრძელებენ მუშაობას. დღეის მდგომარეობით, სააგენტომ პანსიონატიდან 20 არასრულწლოვანის გამოყვანა უზრუნველყო, მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.”
UNICEF: როგორ აფასებენ ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმოამდგენლობაში? ფონდის კომუნიკაციის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე ამბობს, რომ საჭიროა მოხდეს მსგავსი დიდი ზომის ბავშვთა პანსიონატების გაუქმება და ყველა ბავშვი გადავიდეს ოჯახებში ან ოჯახებთან მიახლოებულ გარემოში. მისივე თქმით, სანამ პანსიონატები დაიხურება აუცილებელია ყველა შესაბამისმა ორგანომ მონიტორინგი შეუფერხებლად განახორციელოს.
ამ პროცესების პარალელურად დღეს თბისლისში სახლახო დამცველის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. მეუფე სპირიდონის მხარდასაჭერი აქცია ომბუდსმენის ოფისის წინ მიმდინარეობდა. შეკრებილი იყვენენ აქტივისტები, სასულიერო პირები და რამდენიმე მედიის წარმომადგნენლები.
ასევე ,ცოტა ხნის წინ მეუფე ნიკოლოზმა შსს-ს მიმართა, გაკეთდეს კორდონი ნინოწმინდის პანსიონთან, რომ მედია არ მიუახლოვდეს პერიმეტრს. მისი შეფასებით, ბავშვები განიცდიან სტრესს, მაგალითად ე.წ. ,,ფლაივეის” – სიგნალის გადამცემი მანქანის ადგილზე ყოფნის გამო. “ჰგონიათ რომ მათ საუბარს იწერენ”. მისივე თქმით, ,,დღეს ბავშვები სკოლაში ვერ წავიდნენ, იმიტომ რომ მათ აქვთ ჟურნალისტების შიში აქვთ.”