ახალციხელობის საერო და საეკლესიო დღესასწაულზე ორგანიზატორებმა რეგიონში მოქმედი რელიგიური კონფესიებიდან მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები დაპატიჟეს. შესაბამისად ღონისძიებას არ ესწრებოდნენ სომხური სამოციქულო და კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები. სასულიერო პირები ქმედებაში დისკრიმინაციულ მიდგომას ხედავენ. ორგანიზატორების თქმით, კი ღონისძება ღია იყო და ყველას შეეძლო მასზე დასწრება, თუმცა არ უარყოფენ, რომ მართლმადიდებელი სასულიერო პირები მათ მიიწვიეს.
ახალციხეში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელი, სასულიერო პირი მიშა სურმავა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მსგავსი ქმედებები მათთვის არახალია, პირდაპირ მიმართულია დისკრიმინაციისა და არაეთიკურობისკენ.
“ეს არის არაეთიკური ქმედება ,რადგან არ იციან რა არის მორალი, არ იციან რა არის მეგობრობა…”
“ბოლოს დაგვპატიჟეს 2013 წელს და მას შემდეგ აღარ” – ამბობს სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელი, ბერი იაკობ სააკიანი. მისივე თქმით, ქალაქის განვითარებაში როგორც მართლმადიდებლებს, ასევე სომხურ სამოციქულო ეკლესიას და სხვა რელიგიის წარმომადგენლებს ერთობლივად აქვთ წვლილი შეტანილი, შესაბამისად რელიგიური მრწამსის მიხედვით არ უნდა ხდებოდეს დღესასწაულზე მისასწვევთა შერჩევა.
“თუ ერთხელ დაგვპატიჟეს ახლა რატო აღარ გვეუბნებიან მითუმეტეს როდესაც ვხედავთ სხვა სულიერ პირებს ამ დღესასწაულზე. ეს დღე არ არის მხოლოდ წმინდანის დღე. როგორც სომხებს ასევე სხვა კონფესიებს აქვს წვლილი შეტანილი ქალაქის კულტურულ განათლებაში. მიხარია რომ აღნიშნავენ ამ დღეს ქალაქი აქტიურია და ფასდებიან საპატიო ახალციხელები,” – ამბობს იგი.
იყვნენ თუ არა დაპატიჟებული სხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები ღონისძიებაზე? კითხვით ჩვენ ახალციხის მერიის კულტურის განყოფილების წარმომადგენელს, ზაზა თამარაშვილს დავუკავშირდით. თამარაშვილი გვეუბნება, რომ ღონისძება ღია იყო და შესაბამისად ნებისმიერ მსურველს შეეძლო დასწრება, თუმცა აქვე განმარტავს, რომ მართლმადიდებელი სასულიერო პირები დღესასწაულზე მათ მოიწვიეს.
“კი, მართლმადიდებელი სასულიერო პირები დავპატიჟეთ. ეს არის ქალაქის დღესასწაული და როგორც ასეთი სპეციალური მოწვევა მგონი არავის სჭირდება. საჯარო სივრცეში კეთდება ეს ღონისძიება და ყველას აქვს უფლება მოვიდეს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა კონფესიის და ეროვნების წარმომადგენლებს,” – გვეუბნება თამარაშვილი.
შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 30 ივნისს გაიმართა. ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მოეწყო სხვადასხვა ტიპის გასართობი და მუსიკალური შოუები. ასევე, გაიმართა სპორტული შეჯიბრი და ადგილობრივი მეწარმეების და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა.
ჩვენს მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 და 2020 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის მუხლიდან, “კულტურული მემკვიდრეობისა და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა” 270 ათასი ლარი მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობისთვის გადარიცხა. ამავე პერიოდში მუნიციპალიტეტს ბიუჯეტიდან სხვა რელიგიური კონფესიები არ დაუფინასნებია.