ნინოწმინდის ცენტრალურ პარკში მიწები ხელისუფლებასთან კავშირში მყოფმა პირებმა საკუთრებაში გაიფორმეს – კვლევას საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აქვეყნებს.
ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს, მანამ გაეცანით კვლევას
ნინოწმინდის ცენტრში არსებული პარკი, რომელიც საჯარო სივრცეს წარმოადგენდა, ნაბიჯ-ნაბიჯ კერძო საკუთრებად დარეგისტრირდა. საგულისხმოა, რომ 2,840 კვ.მ. მიწის მფლობელები გახდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები, ასევე, მათი ოჯახის წევრები, მათთან დაახლოებული პირები და იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებთანაც პირდაპირ შესყიდვებს, მრავალი წლის განმავლობაში, მხოლოდ ნინოწმინდის მერია და მისი იურიდიული პირები აფორმებენ.
ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ ვარდანიანი აღნიშნულ პოზიციაზე 2013 წელს დაინიშნა. 2015 წლის ნოემბერიდან, მას ნინოწმინდის პარკში 100 კვ.მ. სახნავ-სათესი ფართობი საკუთრებაში აქვს რეგისტრირებული. ვარდანიანის და მისი ოჯახის „ტელე-რადიო კომპანია ფარვანა“ ნინოწმინდის ტენდერებს, 2013 წლიდან დღემდე, უკონკურენტოდ იგებს. აღნიშნული კომპანიის შესაძლო კორუფციულ შესყიდვებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2020 წლის ივლისში წერდა.
2018 წლის თებერვლიდან ქალაქის პარკში 1 650 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ფლობენ , ნინოწმინდაში მერის წარმომადგენლის ხორენ მღდესიანის ძმა, დედა და მამა. ხორენ მღდესიანი აღნიშნულ პოზიციაზე 2015 წლის იანვრიდან მუშაობს.
კიდევ ერთი სახნავ-სათესი ფართობი, საერთო მოცულობით 300 კვ.მ., ნინოწმინდის პარკში 2014 წლის იანვრიდან, თაკუჰი ვარტანიანს აქვს გაფორმებული. მისი ძმა, მუშეღ ვარდანიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2010-2014 წლების მოწვევის საკრებულოში „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და ინფრასტრუქტურის“ ფრაქციის თავმჯდომარე იყო.
2013 წლის თებერვალში არასასოფლო-სამეურნეო 100 კვ.მ. ფართობი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, გაგიკ კარსლიანის დედამ, რესპიკ კარსლიანმა გაიფორმა. ამავე წლის ივნისში ნაკვეთი რესპიკ კარსლიანმა გაგიკ კარსლიანის მეუღლეს, დეხცანიკ კარსლიანს აჩუქა. გაგიკ კარსლიანს მუნიციპალიტეტის მერის პოზიცია 2013 წლის ივნისიდან 2017 წლის ნოემბრამდე ეკავა. მანამდე იგი იუსტიციის სამინისტროს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურში მუშაობდა. გაგიკ კარსლიანი, ნინოწმინდის პარკში არსებულ მიწის ნაკვეთს, 2014-2018 წლებში შევსებულ ყველა დეკლარაციაში მალავდა.
2016 წლის 12 აგვისტოს ნინოწმინდის პარკში არასასოფლო-სამურნეო 370 კვ.მ. ფართობი ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჰასმიკ იორდანიანმა გაიფორმა. ზუსტად ერთ თვეში, 13 სექტემბერს, იორდანიანმა აღნიშნული ნაკვეთი ნინოწმინდის მაშინდელი მერის გაგიკ კარსლიანის ცოლის დის შვილს, ადამ გიულასარიანს მიჰყიდა. ადამ გიულასარიანის მამა (გაგიკ კარსლიანის ქვისლი), საიტ გიულასარიანი 2016 წლის 26 დეკემბრიდან 2020 წლის აგვისტომდე ნინოწმინდის მერიის ზედამხედველობის სამსახურში, ზედამხედველობის და რეაგირების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. ამ პერიოდში, საიტ გიულასარიანის მეუღლემ (გაგიკ კარსლიანის ცოლის დამ) ლუსიკ გიულასარიანმა ნინოწმინდის მერიის 5 ტენდერი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენაზე, ასევე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე, ჯამში 60 641 ლარის ოდენობით მოიგო. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა გაგიკ კარსლიანმა, ცოლის დასთან ხელშერკულებები 6 პირდაპირ შესყიდვაზეც, ჯამში 46 222 ლარზე გააფორმა. ლუსიკ გიულასარიანმა ნინოწმინდის მერიიდან 2016-2018 წლებში სულ 106 863 ლარი მიიღო.
კიდევ ერთ არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთს, 250 კვ.მ. ფართობს ნინოწმინდის პარკში „ქართული ოცნების“ ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიის, შპს „მეეკის“ დირექტორი, ასევე, ენზელ მკოიანის შვილის კარაპეტ მკოიანის შპს „დეკმაკის“ ყოფილი პარტნიორი ( 9% წილის მფლობელი), პეტროს ნანაიანი ფლობს. მან აღნიშნული ნაკვეთი 2015 წლის დეკემბერში გაიფორმა. მკოიანების კომპანიებში კი იგი, 2017 წლის მაისიდან გამოჩნდა. ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიების შესაძლო კორუფციულ შესყიდვებზე ნინოწმინდის მერიასთან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2020 წლის იანვარში წერდა.
ნინოწმინდის პარკში, 2015 წლის დეკემბრიდან, 70 კვ.მ. ფართობს ფლობს შპს „თაფარვანის“ დირექტორი და 50% წილის მფლობელი რაფიკ შაჰინიანი. მის კომპანიას 2012 წლიდან დღემდე, ორის გარდა, ყველა სახელმწიფო შესყიდვა სამშენებლო სამუშაოებზე, მხოლოდ ნინოწმინდის მერიასთან და მის ააიპ-ებთან აქვს. ამ პერიოდში 20 შესყიდვით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან 154 300 ლარი მიიღო.
შვიდი ნაკვეთიდან ნაწილი საარქივო ცნობებით, ნაწილი კი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დასკვნის საფუძველზეა გაფორმებული.
ნინოწმინდის საკრებულოსა და ეკონომიკის სამინისტოში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფართობები მათ ბალანსზე არასდროს ყოფილა და შესაბამისად არც არასდროს განუკარგავთ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან კი მიმდინარე წლის მარტიდან გვწერდნენ, რომ ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციას ამუშავებდნენ და დასრულების შემდეგ მოგვაწვდიდნენ. თუმცა, მას შემდეგ რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ნინოწმინდის პარკის პრივატიზების საკითხით დაინტერესდა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გაგიკ კარსლიანი, მისი ცოლის და ლუსიკ გიულასარიანი, რომელმაც ნახაზები შეადგინა, და ნინოწმინდის პარკში 4 ნაკვეთის, ჯამში 308 კვ.მ. მფლობელი შაჰენ გრიგორიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გამოძიების ცნობით, გაგიკ კარსლიანმა ორ შემთხვევაში შაჰენ გრიგორიანს მიწების საკუთრებაში დარეგისტრირებისთვის ყალბი ცნობები მისცა, სანაცვლოდ კი ქრთამი აიღო. ორი ნაკვეთიდან ერთი ნინოწმინდის პარკში მდებარეობს.
22 ივნისს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული მეორე წერილით ირკვევა, რომ საჯარო რეესტრში აღნიშნულ მიწების საკუთრებაში რეგისტრირებისას თან ერთვოდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიიდან გაცემული შესაბამისი ცნობები. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ნახსენები 7 ნაკვეთიდან 5 სწორედ იმ დროს დარეგისტრირდა საკუთრებაში, როცა ნინოწმინდის მერის პოზიცია გაგიკ კარსლიანს ეკავა.
ნინოწმინდის პარკში, რომლის საერთო ფართობიც, დაახლოებით 20 000 კვადრატული მეტრია, ნინოწმინდის მერიას რეგისტრირებული 16 907 კვ.მ ფართობი აქვს, დანარჩენი კი კერძო მესაკუთრეებზე არის დანაწევრებული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულ დეპარტამენტს, შეისწავლოს ნინოწმინდის პარკში პრივატიზებული მიწების საკითხი და დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედოს კანონის შესაბამისად.