ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
როგორი ფორმატით განაახლებენ სწავლებას საგანმანათლებლო დაწესებულებები? ამის შესახებ ოფიციალური განცხადება და მითითებები განათლების სამინისტროს საჯაროდ ჯერ არ გაუცია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კი თქვა, რომ თუ ასეთი ეპიდსიტუაცია იქნება სექტემბერშიც, სწავლის აუდიტორიაში დაწყებაზე რეკომენდაციებს ვერ გასცემენ.
ჩვენ დავუკავშირდით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, მაკა ბერიძეს, რომელიც გვეუბნება, რომ სწავლის აუდიტორიაში დაწყებისთვის საჭიროა ვაქცინირებული იყოს როგორც უნივერსიტეტის პერსონალის უმეტესობა ასევე სტუდენტებიც, თუმცა აქვე ამბობს, რომ მათი დაკვირვებით, სტუდენტებში ვაქცინაციის აქტივობა ძალიან დაბალია.
რაც შეეხება ადმინისტრაციას, მისი ინფორმაციით, აქ 60%-ზე მეტი ვაქცინირებულია. აქედან გამომდინარე ბერიძე განიხილავს სწავლების ჰიბრიდულ მეთოდს.
“სწავლის დაწყება აუდიტორიაში დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი სტუდენტი და თანამშრომელი იქნება ვაქცინირებული. ადმინისტრაციული პერსონალის 60%-ზე მეტი ვაქცინირებულია, თუმცა სტუდენტების აცრის მაჩვენებელი მკვეთრად ჩამორჩება აკადემიურ პერსონალს,” – გვეუბნება მაკა ბერიძე.
საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად 23 აგვისტოს ონლაინ რეჟიმში შეხვდებიან სტუდენტებს, სადაც ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბრებენ, რის შემდეგაც თვის ბოლოს უკვე ცნობილი გახდება როგორი ფორმატით განახლდება სწავლა.
შეგახსენებთ, რომ დღეს NCDC-ს ინფორმაციით, 20 აგვიტოს სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება ვაქცინაციის აქტივობას, რეგიონში გუშინ 654 პირი აიცრა.