ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889
საქსტატის მონაცებით, 2020 წლის ჩათვლით, საქართველოდან უცხოეთში ლეგალურად 75 ათასამდე პირია წასული, რომელთაგან თითქმის ნახევარი ქალია. სტატისტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა შემცირდა. ექსპერტები ერთ-ერთ მიზეზად COVID-19-ის პანდემიას ასახელებენ.
ამ რიცხვს ემატება საქართველოდან არალეგალურად წასული მოქალაქეები, რომელთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. მონაცემების არქონა ექსპერტთა შეფასებით ძალიან სახიფათოა, ვინაიდან არალეგალურად მცხოვრები პირები ხშირად ტრეფიკინგის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან, უჭირთ საკუთარი უფლებების და ჯანმრთელობის დაცვა. ამასთან, ისინი ვერ მონაწილეობენ არჩევნებში.
ნაზი აბუთიძე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენში ცხოვრობს. 12 წელზე მეტია უფროსი შვილი საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდა. რამდენიმე წლის შემდეგ მისი რძალიც იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, ხოლო 6 თვის წინ ოჯახიდან ლეგალური დასაქმების მიზნით უნცროსი შვილიც წავიდა. მიზეზი, ეკონომიკური სიდუხჭირეა.
ნაზი აბუთიძე ახლა მეუღლესთან, იური ენდელაძესთან ერთად სამ შვილიშვილს ზრდის. როგორც გვეუბნება უჭირს, თუმცა ბავშვებთან “არტისტობს”.
ევროსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალური დასაქმების მიზნით 20 ათასამდე ადამიანი გაემგზავრა. მათგან 60% საბერძნეთში, იტალიასა და გერმანიაში იმყოფება. ისრაელში, სამუშაოდ არის წასული ჩვენი გმირების ერთ-ერთი შვილი მერი ენდელაძე. იგი უკვე 6 თვეა რაც ისრაელში იმყოფება. გვეუბნება, რომ შვილებისგან და ოჯახისგან განშორება უჭირს.
საბერძნეთი, იტალია, რუსეთი – რომელ ქვეყანაში ჰყავთ დასაქმებული ნათესავები ახალციხელებს? კითხვა ჩვენ ადგილობრივებს დავუსვით.
მიგრაციის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საქართველოდან არალეგალურად გამგზავრებული მოქალაქეების რაოდენობა მაღალია. ევროსტატმა 2018 წელს, იმ პირების რაოდენობა შეისწავლა, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად ყოფნისას გამოავლინეს.
რიცხვი შემდეგნაირია: 7 205 მამაკაცი; 1 910 ქალი. მათი უმეტესი ნაწილი, 39,7 % გერმანიაში იმყოფებდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია “მიგრაციის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი გოგიშვილი იმ ბარიერების და რისკების შესახებ გვიყვება, რაც შეიძლება ახლდეს არალეგალურ მიგრაციას.
საქსტატის ცნობით, 2020 წელს საქართველოში 90 ათასამდე პირი დაბრუნდა, მათ შორის არ არიან ენდელაძეების ოჯახის წევრები. მერი ენდელაძე გვეუბნება, რომ ქვეყანაში დაბრუნებაზე ფიქრი ჯერ ადრეა.
2014 წლის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველომ ვალდებულება აიღო მოეწესრიგებინა ლეგალური და არალეგალური მიგრაციის, საზღვრის უკანონოდ კვეთის და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები.
ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტთან ჰარმონაზიაციისთვის მთავრობამ ვალდებულებების ნაწილი შეასრულა. კონკრეტულად:
(2020 წლის ანგარიში) 1. შემუშავდა პოლიტიკის დოკუმენტი სადაც გაწერილია სამოქმედო გეგმა და სტრატეგია.
2. 2021 წლის 1 იანვრიდან, ძალაში შევიდა ,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საზღვრის გადაკვეთაზე იმ შემთხვევაშიც, თუ მიემგზავრება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში, რომელთანაც მოქმედებს უვიზო რეჟიმი და არსებობს კანონით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოება.
3. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში მომზადდა მოკლე ფორმატის მიგრაციის პროფილი, რომელიც მიეძღვნა დაბრუნებისა და რეინტეგრაციის თემას.
ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველომ უნდა მოაწესრიგოს შემდეგი საკითხები:
1. 1950 წლის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, და „იძულებით უკან დაბრუნების არდაშვების“ (“non-refoulement“) პრინციპის პატივისცემის უზრუნველყოფა.
2. პირთა მიღების (ადმისიის) წესები და მიღებულ პირთა უფლებები და სტატუსი, კანონიერად მცხოვრებ არამოქალაქეთა მიმართ სამართლიანი მოპყრობა და ინტეგრაცია, განათლება და ტრეინინგი; რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები.
3. არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიანი და პრევენციული პოლიტიკის გაძლიერება, მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანა და ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), მათ შორის ის საკითხი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მიგრანტთა საზღვარზე უკანონოდ გადამყვან პირთა და ადამიანით მოვაჭრეთა ქსელის წინააღმდეგ ბრძოლა და ამგვარი ვაჭრობის მსხვერპლთა დაცვა.