ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
პასიური წინასაარჩევნო პროცესები, დარღვევები არჩევნების დღეს, ხიდჩატეხილობა და კლანური მმართველობა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, – სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 2021 წლის წინასაარჩევნო გარემოს და კენჭის ყრის დღის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.
ანგარიშის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში წინასაარჩევნო პროცესები პასიური და სუსტი იყო. ამ პერიოდში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში, დაშინების, ზეწოლის, მოსყიდვისა და მუქარის შემთხვევები გამოვლინდა. კერძოდ, მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ეშტიის მაჟორიტარულ ოლქში პარტია, „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატის ოჯახის წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, თუ კანდიდატურას არ მოხსნიდა მის მეუღლეს სკოლაში საათებს არ მისცემდნენ და პრობლემებს შეუქმნიდნენ.
პარტიაში გვიდასტურებენ, რომ დეპუტატობის კანდიდატმა არჩევნებამდე კანდიდატურა მოხსნა. რეგიონული კოორდინატორი, ლევან თათოშვილი მიზეზად სწორედ ზეწოლის ფაქტებს ასახელებს.
ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ “ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივ პოლიტიკურ ელიტასა და მოსახლეობას შორის არის ხიდჩატეხილობა და კლანური მმართველობა, რომელიც, ხშირად, ეთნიკურ ჯგუფებში ზრდის უნდობლობასა და პოლიტიკური პროცესების მიმართ ნიჰილიზმს. ამ პრობლემის გადაჭრის მცდელობა, პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების მხრიდან, წლებია, არ შეიმჩნევა.”
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანგარიშში, ასევე საუბარია სამცხე-ჯავახეთში, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებთან ახლოს ხელისუფლების მხარდამჭერების მობილიზაცია, ზოგიერთ უბანზე სუს-ის და პოლიციის ჭარბი ხილვადობა და სხვა.