ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლები ხვალიდან მედიაციის პროცესს დაიწყებენ, რომლის მიზანიც კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან შემოთავაზებული ახალი პირობების გადახედვაა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე გვიდასტურებს.
დიასამიძეს თქმით, მედიაციის პროცესი, ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, მაქსიმუმ 21 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც, თუ შეთანხმება ვერ შედგა, დასაქმებულები გაიფიცებიან.
მას შემდეგ, რაც კომპანიამ ჩამომსხმელი ქარხნების მუშაობა შეაჩერა, დასაქმებულებს ანაზღაურება შეუნარჩუნდათ, თუმცა განსხვავებული პირობებით. დასაქმებულების თქმით, კონტრაქტის შეცვლილი პირობები ახალ რეალობაზეა მორგებული და არ არსებობს რამე გარანტია, რომ ძველ ანაზღაურებას დაუბრუნდებიან. კერძოდ, ახალ კონტრაქტში იძულებით განაცდური დღეები, 100 პროცენტის ნაცვლად, ანაზღაურდება 50 პროცენტით.
დასაქმებულები მზად, არიან ხელი მოაწერონ კონტრაქტებს მხოლოდ იმ დათქმით, რომ ქარხნის ამუშავებასთან ერთად, ძველი პირობები დაბრუნდება. სწორედ ამ დეტალებზე სასაუბროდ ისინი მენეჯმენტთან შეხვედრას ითხოვენ.
ამასთან, აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრას, რათა დეტალურად გაიგონ, რა ხდება „ბორჯომთან“ დაკავშირებით. ეს მოთხოვნა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ბორჯომის“ ქარხანასთან დაკავშირებით “სასიამოვნო სიახლე” დააანონსა.
შეგახსენებთ, რომ კომპანიის რუსი მფლობელი, მიხაილ ფრიდმანი სანქციებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაექვემდებარა. აღნიშნულის შედეგად ჩამომსხმელმა ქარხნებმა მუშაობა 29 აპრილს შეაჩერა. ქარხნებში 1 000-მდე პირია დასაქმებული. ამ ეტაპზე კომპანია არც დასაქმებულებს და არც ჩვენ გვპასუხობს. ბორჯომი მინერალური წყლის ჩამოსხმას აჩერებს — რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები