ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
უკვე 7 წელია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პარლამენტის საქმიანობას სწავლობს, ამდენივე წელია ყველა კვლევაში უტყვი დეპუტატების სტატუსს ინაწილებენ სამცხე-ჯავახეთში მოღვაწე დეპუტატებიც. ორგანიზაციის ახალ კვლევაში, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასებას გულისხმობს, ეს სტატუსი ჯავახეთის დეპუტატმა, სამველ მანუკიანმა და დეპუტატმა, სუმბატ კიურეღიანმა მიიღეს.
აღნიშნულ პირებს, TI-ს კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლიათ. კვლევის მიხედვით, გარდა ზემოთაღნიშნული დეპუტატებისა, სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია პარლამენტის 19 წევრს, რომელთაგან 8 უმრავლესობის წარმომადგენელია, ხოლო 11 ოპოზიციის. აქვე ვკითხულობთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს, შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას საჯაროდ ჰქონდათ გაცხადებული, რომ პარლამენტის საქმიანობაში არ იღებდნენ მონაწილეობას.
რაც შეეხება სამცხის მაჟორიტარ დეპუტატს, ანტონ ობოლაშვილს, კვლევის მიხედვით, მან საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით რვაჯერ ისარგებლა.
ამავე კვლევის მიხედვით, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გამოიყენა პარლამენტის 53-მა წევრმა.
რა მიზეზით არ ისარგებლეს დეპუტატებმა კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებით? ამის გასაგებად ჩვენ დეპუტატებთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
კვლევის მიხედვით, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის დეპუტატი, გოგი მეშველიანი პარლამენტში სიტყვით 3 ჯერ გამოვიდა.
მეშველიანის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, იგი პარლამენტში სასმელი წყლის პრობლემაზე, სასარგებლო წიაღისეულის და საბიუჯეტო რესურსების შესახებ საუბრობდა.