ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ლერი კოჩალიძე
ხელოვნურ ტყეებს ქალაქ წალკაში და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში შეხვდებით. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ნარგავები რამდენიმე ათეული წლის წინ მოსახლეობამ თავად გააშენა. ტყეები ქარსაცავი ზოლის ფუნქციასაც ასრულებენ. თუმცა, დღეს, ეს მწვანე საფარი განადურების საფრთხის წინაშეა. ტყე იჩეხება.
არის თუ არა ინფორმირებული წალკის მერია ქალაქ წალკაში თრიალეთისკენ მიმავალ გზაზე ტყის გაჩეხვის შესახებ და კონტროლდება თუ არა პროცესი. უწყებაში გვითხრეს, რომ ეს მერიას არ ეხება და სატყეო სააგენტოსთან დაკავშირება გვირჩიეს. ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენელმა მხოლოდ ის გვითხრა, რომ აღნიშნული ტყე მათ მფლობელობაშია და კონტროლდება. გაჩეხვის ფაქტის შესახებ კი ინფორმაცია არ აქვთ.
ადგილობრივები გაზის არქონის გამო ხშირად გასათბობად შეშას იყენებენ. გაზიფიცირების სამუშაოების დასრულების მიუხედავად, წალკის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს გაზი დღემდე არ მიეწოდება. 2022 წლის ზაფხულის მონაცემით, მუნიციპალიტეტის 11 სოფელში საჭირო ინფრასტრუქტურა მოწყობილი იყო, თუმცა მილებში ბუნებრივი აირი ჯერჯერობით არ მიედინება.
როგორი ვითარებაა დღეს? Რამდენი სოფლისთვის იგეგმება ბუნებრივი აირის მიწოდება? წალკის მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ხორციელდება II ხარისხის ხე-ტყის (საშეშე) გამოყოფა. II ხარისხის ხე-ტყე კალენდარული წლის განმავლობაში ერთ კომლს შესაძლებელია მიეცეს არა უმეტეს 7 მ3-ისა, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში, ერთ ოჯახს შესაძლებელია მიეცეს არაუმეტეს 15 მ3-ი.
ადგილობრივების ინფორმაციით, შეშისთვის ბილეთის შეძენა 30-35 ლარი უჯდება, მისი ტრანსპორტირება კი 200 ლარი.