“ჩემს მეზობელს დივანი ჰქონდა, ამბობდა ეს დივანი გოგოებით რომ გაივსოს, სანამ ბიჭი არ დაიბადება მაინც გავაჩენო.”
გაეროს მოსახლეობის ფონდის 2019 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 31% ბიჭის დაბადებას ანიჭებს უპირატესობას, ხოლო გოგონას ყოლას მხოლოდ 11% ირჩევს. დანარჩენი 57%-ისთვის სქესს მნიშვნელობა არ აქვს.
ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 1990 წლიდან 2010 წლამდე საქართველოში დაახლოებით 25 000 გოგონა არ დაიბადა.
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა, ბიჭისთვის უპირატესობის მინიჭება და არასასურველი სქესის გამო ნაადრევად შეწყვეტილი ორსულობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომელზეც ზემოთმოყვანილი კვლევაც მეტყველებს.
ჩვენ გენდერულ თანასწორობაზე, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევაზე და ქალების უფლებებზე სასაუბროდ, ადიგენის ერთ-ერთ გამორჩეულ და მრავალფეროვან სოფელში, ზანავში წავედით – აქ საბავშვო ბაღის აღმზრდელებს სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების ხელმძღვანელი, მარინა მოდებაძე ესაუბრება.
შეხვედრა ინტერაქციულია, დამსწრეების ნაწილი თვლის, რომ ქალი იმ უფლებებს, რომლებიც აქვს არასწორად იყენებს. ნაწილი თქმით, ოჯახის ქონება და სახლი ვაჟს უნდა დარჩეს, ხოლო ყველა თანხმდება, რომ შვლის დაბადების დროს სქესს მნიშვნელობა არ აქვს.
გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევის მიხედვით, ამჟამად საქართველოში დაბადებულ ყოველ 100 გოგოზე საშუალოდ 110 ბიჭი მოდის, მაშინ, როდესაც დაბადებისას სქესთა შორის ნორმალური ბიოლოგიური ბალანსი მაქსიმუმ 104/106 შეიძლება იყოს.
რაც შეეხება რეგიონულ მაჩვენებელს: სამცხე-ჯავახეთში, დაბადებისას სქესთა შორის დარღვეული ბალანსი პირველ შვილზე 107-ია ხოლო იგი მნიშვნელოვნად იზრდება მესამე და მეტი შვილის შემთხვევაში, რა დროსაც 145-ს აღწევს.
შეხვედრა ევროკავშირის მხარდაჭერილი, პროგრამის „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა და მასთან დაკავშირებული საზიანო პრაქტიკების პრევენცია სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში გავმართეთ, რომელსაც ჟურნალისტიკის რესურსცენტრი, TOK TV-სთან პარტნიორობით ახორციელებს.