ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889
“ქართული ოცნება” “რუსული კანონით” გამჭვირვალობას სთხოვს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს და საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე ფიზიკურ პირებს, მაშინ როდესაც ზემოთ ხსენებული ორგანიზაციები სისტემატურად აბარებენ ანგარიშს მარეგულირებელ ორგანიზაციას და ყველა საფინანსო ინსტიტუტს. პარალელურად კი საჯარო უწყებების მიერ საჯარო ინფორმაციაზე პასუხის გაცემის სტატისტიკა ყოველწლიურად უარესდება.
მაგალითად, მხოლოდ ჩვენმა რედაქციამ, ბოლო 7 თვის განმავლობაში, სხვადასხვა საჯარო უწყებიდან, კანონის საფუძველზე, 60-მდე საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, რომელთაგან სრული პასუხი, თან ვადების დარღვევით, მხოლოდ 11-ზე მივიღეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის მოწოდების კანონით განსაზღვრული 10 დღიან ვადას თვეებიც კი გადასცდა, საჯარო უწყებებიდან 23 წერილზე პასუხი ჯერ კიდევ არ გვაქვს. მათგან 5 საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით საჩივარიც კი გავაგზავნეთ, თუმცა უწყებებმა არათუ ინფორმაცია მოგვაწოდეს, არამედ საჩივარზეც კი არ გვიპასუხეს.
არასრულად საჯარო ინფორმაცია მოგვაწოდეს 21 წერილზე, რომელთაგან 6-ზე პასუხი მას შემდეგ მივიღეთ, რაც უწყებას საჩივრით მივმართეთ.
ჩვენ ზემოთ ხსენებულ ინფორმაციებს ვითხოვდით სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტიდან, წალკის და გარდაბნის მერიებიდან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან, შსს-დან, განათლების სამინისტროდან და მუნიციპალური განვითარების ფონდიდან.
“იბადება ეჭვი იმისი, რომ თქვენი ხარჯები არ არის სწორი და გეშინიათ,” – გვეუბნება ახალციხის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი “რუსულ კანონზე”
საჯარო ინფორმაციის გაცემის მკვეთრ ვარდნაზეა საუბარი “IDFI”-ს ახალ კვლევაშიც, რომლის მიხედვითაც , ორგანიზაციის მიერ 2022 წელს 374 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 7 582 მოთხოვნიდან IDFI-იმ პასუხი მიიღო მხოლოდ 4 385 განცხადებაზე (58%).
ასევე, საჯარო ინფორმაციაზე პასუხის არ მიღების, კანონის დარღვევის და გაუმჭვირვალობის გამო, ჩვენ კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ, IDFI-ს მხარდაჭერით, სასამართლოსაც კი მივმართეთ, რის შემდეგაც უწყებამ ინფორმაცია მოგვაწოდა, თუმცა – არასრულად.
იმ ფონზე, რომ საჯარო უწყებები, კანონს არღვევენ, მალავენ და არ გვაწვდიან საჯარო ინფორმაციას თავად სთხოვენ მედიას მეტ გამჭვირვალობას, როდესაც ჩვენ კანონის სრული დაცვით, ყველა საფინანსო დოკუმენტის გამჭვირვალობით ვმუშაობთ.
“ქართულმა ოცნებამ” პირობა გატეხა და 2023 წელს საზოგადოების უპრეცედენტო პროტესტის შედეგად უკან გაწვეული კანონპროექტი პარლამენტში კვლავ დააბრუნა. საკითხს გამოეხმაურნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ევროკავშირი, განცხადების მიხედვით, “გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქნას გამოყენებული.”
“რუსული კანონის” ინიცირებას გამოეხმაურა ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის 400-ზე მეტმა ორგანიზაციამ, მედიასაშუალებებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ არის მიმართული.
#არა_რუსულ_კანონს