მეწარმე ქალების გაძლიერება კიბერუსაფრთხოების საკითხებში და მათი ინფორმირება თავდაცვის მექანიზმების შესახებ – საკითხზე ახალციხეში იმსჯელეს.
ასევე, შეხვედრაზე წარადგინეს SAFEONLINE.GE – ვრცლად გაიგეთ ჩვენი სიუჟეტიდან
ტექსტი:
მანუშაკ სუჯიანის მცირე საკონდიტროში შეხვდებით რეგიონისთვის დამახასიათებელ ტკბილეულს, სომხურ ქადას, მესხურ ტრადიციულ ნამცხვრებს, აპოხტს, ვაზის ტოლმას და სხვა ნახევარფაბრიკატებს.
სუჯიანი საკუთარი ნაწარმით ახალციხელებს უკვე რვა წელია უმასპინძლდება. გვეუბნება, რომ მისთვის როგორც მეწარმე ქალისთვის მნიშვნელოვანია ფლობდეს იმ ინფორმაციას, რითაც საკუთარ თავს და ბიზნესს კიბერ თავდასხმებისგან და სოციალურ ქსელებში გენდერული ნიშნით ძალადობისგან დაიცავს, რადგან როგორც თითქმის ყველა ბიზნესს ,მათაც აქვთ ონლაინ გვერდები სადაც საკუთარ ნაწარმს აზიარებენ.
სწორედ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ძალადობის ფორმები იყო “მერსიქორფსის” მიერ გამართული შეხვედრის ძირითადი თემა.
შეხვედრა ახალციხეში გაიმართა, რომელსაც მანუშაკ სუჯიანთან ერთად კიდევ 35 მდე მეწარმე ესწრებოდა.
შეხვედრაზე დამსწრეებს წარუდგინეს “უსაფრთხო ონლაინის” ვებ გვერდი – SAFEONLINE.GE, სადაც ეტაპობრივად განთავსდება სხვადასხვა თემატიკაზე ტრენინგ კურსები, ინფორმაცია ელექტრონული კომერციის შესახებ და ა.შ.
ტექნოლოგიების და უსაფრთხოების სპეციალისტის, ლელა მირცხულავას თქმით, მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, კიბერ თავდასხმების და მუქარის გამო, ქალების და გოგოების 80 %-მა სამუშაო შეაჩერა.
ამასთან, აშშ-ში იგივე მიზეზის გამო, კომპანიებმა 4 მილიარდი ზარალი განიცადეს.
მოკლედ პროექტის შესახებ: 2023 წლის სექტემბრიდან, “მერსი ქორფსის” წარმომადგენლობამ საქართველოში დაიწყო 3 წლიანი პროგრამა საქართველოსა და სომხეთში – „უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“.
პროგრამის მიზანია ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, ციფრული ტრანსფორმაციის დემოკრატიზაციისა და ბიზნესში ქალების ონლაინ უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზით.
პროგრამა მოიცავს საქართველოს და სომხეთს, რომელიც დაფინანსებულია “მერსი ქორპსის” მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით’ საქართველოში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა “სტრატეგიის და განვითარების ცენტრი” ხოლო სომხეთში “გავლენის ინოვაციების ინსტიტუტი”