ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889
ახალციხის მერია გვიმალავს საჯარო ინფორმაციას, TOK TV-მ “სახალხო დამცველს” მიმართა
ნახეთ სიუჟეტი
ახალციხის მერია გვიმალავს თუ რამდენმა მერიის და მასზე დაქვემდებარებული ა(ა)იპის თანამშრომელმა აიღო შვებულება მთავრობის მიერ 29 აპრილს გამართულ აქციაზე დასასწრებად. ახალციხის მერია ასევე არ გვეუბნება თუ რამდენ ლარად მიაქირავა მუნიციპალური ტრანსპორტი მერიამ პარტია “ქართულ ოცნებას”, რომლითაც მოსახლეობა სამცხიდან თბილისში წაიყვანა. უწყება ჩვენს მიერ საჯარო წესით გამოთხოვილ ინფორმაციას კანონდარღვევით არ გვაწვდის.
ჩვენმა რედაქციამ ინფორმაციის მიღებაში კანონის აღსრულებისათვის, სახალხო დამცველს მიმართა.
დავიწყოთ თავიდან:
2024 წლის მარტი, თბილისი, “ქართულმა ოცნებამ” ე.წ. რუსული კანონი კვლავ დააინიცირა. დედაქალაქში და რეგიონებში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების დასაშლელად არაერთგზის გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.
გავრცელებულ კადრებში ჩანს თუ როგორ უსწორდება რამდენიმე სპეცრაზმელი ერთ ადამიანს, მათ შორის ჟურნალისტებს.
ამის მიუხედავად აქციები არ წყდება და უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოდის რუსული კანონის წინააღმდეგ.
29 აპრილი
“ქართული ოცნება” 29 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის კონტრაქციას მართავს. აქციას ნებით თუ დავალდებულებით შეუერთდნენ რეგიონებიდანაც, მათ შორის ახალციხიდან. ადგილობრივებთან ერთად, რომლებიც მალავდნენ თუ სად მიდიოდნენ, იყვნენ მერიის და მასთან არსებული ა(ა)იპების თანამშრომლები, როგორც მერიაში გვითხრეს, მათ შვებულება აიღეს.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა “ქართულ ოცნებას” ახალი ავტობუსები მიაქირავა, რომლებიც ახალციხეში 18 თებერვალს ჩამოიყვანეს და რომლებსაც წესით ახალციხის სოფლების მიმართულებით უნდა ემოძრავა, თუმცა ამ დრომდე ერთადერთი რეისი რაც ამ ტრანსპორტმა შეასრულა ახალციხე-თბილისია, პარტიული ღონისძიებისათვის.
ჩვენ სწორედ ის გვაინტერესებდა, თუ რამდენმა თანამშრომელმა აიღო შვებულება და რა ფასად მიაქირავა, მოსახლეობის გადასახადებით ნაყიდი მუნიციპალური ავტობუსები მერიამ ოცნებას.
საჯარო ინფორმაცია ამის შესახებ კონტრაქციის მეორე დღეს, 30 აპრილს გამოვითხოვეთ. თუმცა, გამჭვირვალობის მოტივით ინიცირებული და მიღებული რუსული კანონის მხარდამჭერებმა, ჩვენს რედაქციას ინფორმაცია ამ დრომდე არ მიაწოდეს. არადა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 37-ე მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის მე-40 მუხლით დადგენილ ვადებში, საჯარო უწყება ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.
ინფორმაციის მიღების მიზნით, ჩვენმა რედაქციამ 5 ივლისს, საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა. უწყების ინფორმაციით, საქმისწარმოება დაწყებულია.
გარდა ამისა, ჩვენმა რედაქციამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებისთვის, IDFI-ს მხარდაჭერით, არაერთი საჩივარი გაგზავნა სხვადასხვა საჯარო უწყებაში. მათ შორის, კულტურის სამინისტრომ, ახალციხეში, სოფელ ივლიტაში არსებული ტაძრის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ მოგვაწოდა, რაც სარჩელი სასამართლოში შევიტანეთ.