ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889
2023 – 24 წლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში ცხოველმა 465 ადამიანი დააზიანა, მათ შორის 30%-ზე მეტი მიუსაფარ ცხოველებზე მოდის – ამის შესახებ საუბარია ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ანგარიშში.
ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა მოვლა პატრონობაზე, სტერილიზაცია კასტრაციაზე და მათ დაბინავებაზე ჩვენი რედაქცია მეექვსე წელია მუშაობს. მიუხედავად ამ წლების განმავლობაში გაცემული არაერთი დაპირებისა, ჯერ კიდევ უცნობია რა ბედი ელით მიუსაფარ ცხოველებს; უცნობია ააშენებენ თუ არა და როდის თავშესაფარს.
მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ქალაქში მიუსაფარი ძაღლები მომრავლდნენ.
ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ ეშინიათ ქუჩაში და სკვერში გვიან ღამით გადაადგილება, რადგან ზოგიერთი ცხოველი აგრესიულია.
მოსახლეობის შიშს საფუძველიც აქვს, მაგალითად ზემოთმოყვანილი ანგარიშის მიხედვით, ცხოველმა 465 ადამიანი დააზიანა, ცხოველებიდან საკარანტინე პერიოდში 2 ძაღლი და ერთი კატა მოკვდა, გამოკვლევის შედეგად კი ცოფი არცერთს არ დაუდასტურდა.
ამავე წყაროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის რამდენიმე თვის განმავლობაში მიუსაფარი ცხოველისგან დაზიანების 77, ხოლო შინაური ცხოველისგან დაზიანების 110 შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, მოკვდა 7 ცხოველი, ცოფი არცერთს არ დაუფიქსირდა.
როგორც გავარკვიეთ, მერიას მიუსაფარი ცხოველები სტერილიზაციისთვის გორში გადაჰყავთ და შემდგომ უკან აბრუნებენ. რამდენი ცხოველი გადაიყვანეს მიმდინარე წელს და რა პერიოდულობით ხდება მათი იმუნიზაცია? – ახალციხის მერიიდან კითხვების მიღების საპასუხოდ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა შემოგვთავაზეს.
განიხილავენ თუ არა მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის აშენებას მუნიციპალური განვითარების ფონდში, რადგან სწორედ ეს უწყება იყო, რომელმაც ჯერ კიდევ 2018 წელს დააანონსა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობა – ჩვენ მათგანაც გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია.
ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის თუ დადორბვლის შემთხვევაში აუცილებელ და გადაუდებელ ვაქცინაციაზე მიუთითებენ რადიოლოგები. მათი შეფასებით, ცოფის ვირუსის თავიდან ასაცილებლად, დროული აცრა ერთადერთი გამოსავალია.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა 116 690 ძაღლს და კატას. იძულებითი ვაქცინაცია ჩაუტარდა 9 000 ძაღლს/კატას, 4 300 მსხვილფეხა, წვრილფეხა პირუტყვს, ღორს, ცხენსა და კენტჩლიქიან ცხოველს.