რამდენად ჰქონდათ ამომრჩევლებს ინფორმაცია პროცესის შესახებ და როგორი იყო აქტივობა – გაიგებთ ჩვენი სიუჟეტიდან
დღეს საქართველოში, 598 საარჩევნო უბანზე იმიტირებული არჩევნები გაიმართა, მათ შორის ახალციხის მუნიციპალიტეტშიც, თუმცა როგორც ჩვენს მიერ გამოკითხული ადგილობრივების უმეტესობა გვეუბნება, ამის შესახებ ინფორმაცია მათ წინასწარ არ ჰქონიათ, შესაბამისად პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ის, რომ მოსახლეობაში ინფორმაციის ნაკლებობა იყო, ნაწილობრივ დასტურდება იმითაც, რომ ახალციხეში, მესამე საჯარო სკოლაში მოწყობილ უბანზე, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, 2 000-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული, სამი საათის მონაცემებით, იმიტირებულ არჩევნებში მონაწილეობა 200-მდე პირმა მიიღო. დაბალი მაჩვენებელი იყო სოფელ ჭაჭარაქშიც. ჩვენი გადამღები ჯგუფი დღეს, ამ ორ უბანს ესტუმრა.
წლევანდელი არჩევნები ბევრი რამით არის გამორჩეული. მაგალითად წელს ამომრჩეველს სასურველის კანდიდატის ნომრის შემოხაზვის ნაცვლად მისი გაფერადება მოუწევს, ხოლო ბიულეტენის საარჩევნო ყუთში ჩაგდების ნაცვლად , ის სკანერში უნდა მოათავსოს.
რა მეთოდებით გაავრცელა ინფორმაცია იმიტირებული პროცესის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და რითი ხსნიან პროცესში მონაწილეთა სიმცირეს ? – ცესკოს პრესსპიკერი, ნათია უზნაძე ამბობს, რომ ინფორმაცია სოციალურ ქსელში და ოფიციალურ ვებ გვერდზე განათავსეს და გამართეს ბრიფინგი.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება.