დეზინფორმაციის მზარდი ტალღა: პოლიტიკური პარტიების ხედვით და მის გარეშე

September 16, 2024

26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. სხვადასხვა შეფასებით ეს არჩევნები გადაწყვეტს ქვეყნის საგარეო კურსს, გადაწყვეტს თუ რა მიმართულებით განვითარდება ქვეყანა და რა ბედი ეწევა “რუსულ კანონს”, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება და დასავლელი პარტნიორებისგან ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება გამოიწვია. 

ისტორიულ მნიშვნელობის პარალელურად არჩევნები კენჭისყრის წესის ტექნიკური ცვლილებებით და საარჩევნო სისტემითაც განსხვავებულია. წელს პირველად აღარ ავირჩევთ მაჟორიტარ დეპუტატებს და პროცესი სრულად პროპორციული სისტემით წარიმართება. გარდა ამისა, შეცვლილია ხმის მიცემის წესიც, პროცედურა ელექტრონული წესით წარიმართება, ანუ საარჩევნო ბიულეტენზე სასურველი კანდიდატის ნომრის შემოხაზვის ნაცვლად მრგვალი წერტილის გაფერადება მოგიწევთ, ხოლო ბიულეტენს არათუ ყუთში ჩააგდებთ, არამედ სპეციალურ აპარატში, რომელიც ბიულეტენის რაოდენობას ავტომატურად დაითვლის.

არჩევნების მნიშვნელობის, პოლიტიკური ვითარების, “რუსული კანონის” და ბევრი სხვა თანმდევი შინაარსობრივი თუ ტექნიკური გარემოების გამო მომატებულია და მეტად კომპლექსურია საინფორმაციო მანიპულაციები.

მასალაზე მუშაობის მომენტისათვის ქართულ პოლიტიკურ ველზე რამდენიმე ახალი პოლიტიკური აქტორი თუ გაერთიანება გაჩნდა. ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული თითქმის ყველა საზოგადოებრივი აზრის კვლევა მიუთითებდა რომ ხალხს ე.წ. მესამე ძალა სურს, ამ ალტერნატივად პოზიციონირების თუ სხვა სტრატეგიის თანახმად დღეისათვის საქართველოში მმართველი პარტიის ოპონენტებად პოზიციონირებს 26 პოლიტიკური ძალა, მათ შორისაა:

  • კოალიცია “ძლიერი საქართველო” (ლელო, თავისუფლების მოედანი, ალეკო ელისაშვილის და ანა დოლიძის პარტია) ;
  • “კოალიცია ცვლილებისთვის” (“ახალი”, გირჩი-მეტი თავისუფლება, ელენე ხოშტარია) ;
  • “ერთიანობა” (სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) “ევროპული საქართველო” ცოტა ხნის წინ გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა დატოვეს;
  • “ფედერალისტები”, რომელიც ევროპული საქართველოდან წასულმა ლიდერებმა დააფუძნეს ;
  • “საქართველოსთვის” ;
  • “გირჩი” ;
  • პრორუსულ პარტიად შერაცხული პატრიოტთა ალიანსი და აწ უკვე გაუქმებული კონსერვატიული მოძრაობის წევრები (ამ უკანასკნელმა, პატრიოტთა ალიანსის პარტიით და ნომრით პოზიციონირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საჯარო რეესტრმა ალტ-ინფოს პარტია, “კონსერვატიული მოძრაობა” გააუქმა)

სრული სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს ( დააჭირეთ აქ )

სპეციალისტების შეფასებით, რაოდენობის მიუხედავად პოლუსი მაინც სულ ორია, ერთი – დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების და მეორე – ანტიდასავლური და პრორუსული. თუმცა ამ სტატიაში შიდა განსხვავებების და პოლიტიკური მანიპულაციების გარჩევის მცდელობა არ გვაქვს, რადგანაც, როგორც გითხარით, ვსაუბრობთ დეზინფორმაციასა და მისი გავლენების შესახებ.

პოლიტიკური პარტიების ზემოთ მოყვანილი ჩამონათვალი მცირდება რეგიონული აქტივობების მიხედვით. მაგალითად, მასალაზე მუშაობის მომენტისათვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საკუთარი პარტიული ოფისი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, “საქართველოსთვის”, “კოალიცია ცვლილებებისთვის”, “ძლიერ საქართველოს” და “ქართულ ოცნებას” ჰქონდა.

ჩვენ მივაკითხეთ მათ და ვკითხეთ როგორია მათი პარტიული პოლიტიკა დეზინფორმაციასთან მიმართებით? Რადგან ამომრჩევლის დაბნევასთან ერთად, არასწორი ინფორმაცია ვრცელდება საკუთრივ პოლიტიკური პარტიების მიმართაც, კონკრეტული სუბიექტის დისკრედიტაციის მიზნით. მათ შორისაა, გაყალბებული ციტატები, ფოტო მანიპულაციები და ა.შ.

თითოეული მათგანი ირწმუნება, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაწყებული შეხვედრების ნაწილი სწორედ საზოგადოებაში გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაა. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია გვეუბნება, რომ გამიზნულად ხვდებიან მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებიც მხოლოდ სახელისუფლებო მედიას უყურებს, ნაწილი კი ამბობს, რომ მართავენ ახალგაზრდულ ბანაკებს ახალგაზრდების ინფორმირებისთვის.

მაშინ როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ადგილობრივი მკვლევარი ორგანიზაციების შეფასებით, ქვეყნის შიგნით ანტიდასავლური დეზინფორმაციის გამავრცელებლად “ქართული ოცნება” გვევლინება, საკუთრივ პარტიაში ფიქრობენ რომ მათ წინააღმდეგაც ხშირად გამოიყენება დეზინფორმაცია, თუმცა კონკრეტულად რა – ახალციხის მერი და “ქართული ოცნების” ახალციხის ოფისის თავმჯდომარე, ირაკლი ლაზარაშვილი არ ასახელებს. 

დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიასა და გეგმების ნაკლებობაზე, როგორც მმართველი ისე ოპოზიციური პარტიების მხრიდან, მიუთითებს “მედიის განვითარების ფონდის” მკვლევარი, არაბელა კორძახია. მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების პროგრამებში დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგია არ გვხვდება.

“სტრატეგია, რომელიმე პოლიტიკური პარტიის , არ გვხვდება”

“არასაკმარისია ის ბრძოლა, რაც დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმდინარეობს. საჭიროა გრძელვადიან რესპექტისაზე ფიქრი, რომ გაძლიერდეს მედიაწიგნიერების მიმართულება და კრიტიკული აზროვნება,” – გვეუბნება კორძახია.

არჩევნების დროს დეზინფორმაცია და ყალბი ინფორმაცია ხშირად გამოიყენება საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის, პოლიტიკურ წრეებში გაურკვევლობის შესაქმნელად და დემოკრატიული პროცესების საწინააღმდეგოდ. დეზინფორმაცია მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და არჩევნების სამართლიანობას.