პოსტსიმართლის ეპოქა და მისი გავლენა საქართველოსა და მსოფლიოზე

September 23, 2024

რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელების ჯაჭვში, მოწინავე ადგილს გასული საუკუნიდან იკავებს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” 2023 წლის კვლევის შედეგად გამოირკვა, რომ საქართველოში გავრცელებული დეზინფორმაციის 40 % ოკუპანტი ქვეყნის გავლენაზე მოდის, ხოლო 35 % არჩევნების მანიპულაციას ეხება. 

არც წლევანდელი არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდია განსაკუთრებული და კრემლი არაერთ მანიპულაციურ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციებს ავრცელებს, როგორც რუსული პლატფორმებიდან, ასევე – ქართველი აქტორებით. 

“დეზინფორმაცია აქტიურდება იმ პერიოდში, როდესაც მოსახლეობის ინტერესი ინფორმაციის მიღებაზე მაღალია, ასეთია – არჩევნები” – ამბობს ჰიბრიდული ომის მკვლევარი, დავით ძიძიშვილი. 

საქართველოში უკვე მოქმედებს გამჭვირვალობის საბაბით მიღებული “რუსული კანონი”. “აგენტების” რეესტრში რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა. ნებაყოფლობითი რეგისტრაციის სურვილი საქართველოში არსებული ორგანიზაციების 2 %-ზე ნაკლებმა გამოთქვა.

საერთაშორისო პარტნიორების, ადგილობრივო სამოქალაქო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიის შეფასებით, “რუსული კანონის” მიღების  საფუძველი დამოუკიდებელი ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა, კრიტიკის ჩახშობა და მასთან ერთად დემოკრატიასა და დასავლეთთან დაშორებაა.

მიმდინარე მოვლენებს კიდევ უფრო ამძაფრებს წინასაარჩევნო კონტექსტი.

წელს საქართველოსთან ერთად მნიშვნელოვანი საარჩევნო წელი 50-მდე ქვეყანაშია. მათ შორის აშშ-შიც, არჩევნები უკვე გაიმართა ევროკავშირშიც, – მათ მაგალითზე მოგიყვებით თუ რა დეზინფორმაცია ვრცელდება საარჩევნო პროცესთან თუ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით და როგორია გავლენა საზოგადოებაზე.  

საქართველო

წინასაარჩევნო პერიოდში, Meta-მ უკვე წაშალა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მოქმედი რუსული ქსელი. ჯამში 76 ფეისბუქ ანგარიში, 30 ფეისბუქ გვერდი და 11 ინსტაგრამ ანგარიში. “სამართლიანი არჩევნების” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზემოხსენებული გვერდები, რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების დროს აქტივისტებს აკრიტიკებდნენ და “ქართულ ოცნებას” უჭერდნენ მხარს. ამავე წყაროს ცნობით, რუსულმა ქსელმა რეკლამებისთვის დაახლოებით 77 000 $ დახარჯა. 

გარდა ამისა, ე.წ გავლენის ოპერაციის და უცხოეთში მათი ჩარევის მცდელობის გამო, Meta-მ თავის პლატფორმებზე (Facebook, Instagram, Threads,  WhatsApp) სრულიად დაბლოკა რუსეთის სახელმწიფო მედია ჯგუფი “როსია სეგოდნია”, ტელეარხი RT და  მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციები.

ევროკავშირი 

ტყუილებით და ფოტომანიპულაციებით იყო დატვირთული წინასაარჩევნო პროცესი ევროკავშირის ქვეყნებში. გიზიარებთ რამდენიმე მაგალითს:

წინასაარჩევნო პერიოდში და შემდგომ, საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონის წინააღმდეგ არაერთი ფოტო და ვიდეო მანიპულაცია გავრცელდა. ტყუილების გამავრცელებლები ფოტომონტაჟით ცდილობდნენ დაერწმუნებინათ მკითხველი, რომ მაკრონი კაცს კოცნიდა. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ვიდეო, სადაც თითქოსდა მაკრონი გრძელი თმით და სხვადასხვა სტილის ტანსაცმლით კლუბში ცეკვავდა, – აღნიშნული ვიდეო მანიპულაცია კვლევითმა ორგანიზაციამ Grass-მა გადაამოწმა. 

გამოარკვია, რომ ქართული Facebook ანგარიშზე “Apolitical page” გამოქვეყნებული ვიდეო, წარწერით “მაკრონის ახალგაზრდობა” დამუშავებულია. ამას სულ მცირე ორი ფაქტი ადასტურებს:

1. ვიდეო პირველად Tik-tok ანგარიშმა, “retro_hub”-მა გაავრცელა და მიუთითა, რომ გამოყენებული იყო ხელოვნური ინტელექტი. 

2. ვიდეოს აწერია „დისკოთეკა პარიზში 1984 წელი“ (discothèque PARIS 1984). ამ დროს მაკრონი 7 წლის იქნებოდა.

ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი გახდა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დელ ლაიენიც. მან წინასაარჩევნო პერიოდში, დემოკრატიის სამიტზე დეზინფორმაცია ვირუსს შეადარა და აღნიშნა, რომ ამის წინააღმდეგ იმუნიტეტის შექმნაა საჭირო. 

აღნიშნული განცხადება, დეზინფორმაციის შემქმნელებმა გადააკეთეს და ისე გაავრცელეს თითქოს ევროკომისიის პრეზიდენტს “არასწორი აზროვნების” წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია სურდა. Წყარო: Grass 

Რა გავლენა იქონია არჩევნებზე გავრცელებულმა დეზინფორმაციამ და რამდენად ექცევიან მისი გავლენის ქვეშ ევროკავშირში მცხოვრებლები? – ცენტრალური ევროპის ციფრული მედიის სადამკვირვებლო ორგანიზაციის 2024 წლის კვლევის მიხედვით, პოლონეთში, სლოვაკეთში და ჩეხეთში მცხოვრებთა თითქმის ნახევარს სოციალურ ქსელებში გავრცელებული დეზინფორმაციის სჯეროდა, მათ შორის წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. 

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით ზემოხსენებულ ქვეყნებში უფრო მეტი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა, ვიდრე – რეალური ამბავი. 

ვესაუბრეთ, Grass-ის უფროს ანალიტიკოსს, ვანო გურეშიძეს, რომელიც ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ევროკავშირის არჩევნების პერიოდში დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი არა კონკრეტული პირების დისკრედიტაცია იყო, არამედ “საინფორმაციო სივრცის დატბორვა, რათა ამომრჩეველს გზა ვერ გაეკვლია და გასჭირვებოდა რეალური ინფორმაციის გარჩევა – ყალბისგან”

აშშ 

წელს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება აშშ-შიც, კონკურენტები ექსპრეზიდენტი რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატი კამალა ჰარისი არიან. ჰარისმა კანდიდატურა მას შემდეგ დააყენა, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავისი კანდიდატურა მოხსნა და ნდობა ჰარისს გამოუცხადა. 

არჩევნები ამერიკაში 5 ნოემბერს გაიმართება, თუმცა კანდიდატების დისკრედიტაციის მიზნით ყალბი ინფორმაციის კამპანია უკვე აქტიურად მიმდინარეობს. 

მაგალითად, რუსულ მედიაში გავრცელდა კამალა ჰარისის ყალბი დაბადების მოწმობა, რომლის ავტორებიც ირწმუნებოდნენ რომ იგი იამაიკაში დაიბადა და პრეზიდენტის პოსტისათვის არალეგიტიმურია. მითების დეტექტორის მიერ გადამოწმებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ინფორმაცია არასწორია. 

კამალა ჰარისის დაბადების ადგილის შესახებ სტატია Associated Press-მა გაავრცელა, რომელშიც მოყვანილია დოკუმენტები ჰარისის აშშ-ში დაბადების დასამტკიცებლად. Cbsnews-მა კი პრეზიდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობაც გამოაქვეყნა. 

რუსეთთან ერთად, კამალა ჰარისის დისკრედიტაციის მიზნით ყალბი ინფორმაცია ვრცელდებოდა საქართველოშიც. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოები, რომელთა მიხედვითაც ჰარისი წარსულში თითქოსდა სექსმუშაკი იყო. (ის, რომ ეს ფოტოები ნამდვილად დამუშავებულია “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა)

ქართული საინფორმაციო სივრცე ამერიკის არჩევნებს აქტიურად ფარავს, მათ შორის პოლიტიკოსების ჩართულობითაც კი. “ხალხის ძალის” ერთ-ერთი წევრი, დავით ქართველიშვილი ირწმუნებოდა, რომ 13 ივლისს, პენსილვანიაში დონალდ ტრამპზე თავდასხმა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გარემოცვის მიერ იყო ორგანიზებული, რომლის მტკიცებულებებიც აშშ-ს “ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ” მოიპოვა, თუმცა “მითების დეტექტორის” გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული არცერთ ოფიციალურ წყაროში არ დასტურდება. 

“მითების დეტექტორის” მკვლევრის, ცისია კირვალიძის თქმით, აშშ-ს არჩევნების შესახებ, მათ მიერ გადამოწმებული დეზინფორმაციის უმეტესობა მიმართულია პრეზიდენტობის კანდიდატ კამილა ჰარისის დისკრედიტაციისთვის, მათ შორის როგორც ქალის, მისი წარსულიდან ვიზუალის მიმართულებით. 

Router ავრცელებს ინფორმაციას სოციალურ ქსელებში და განსაკუთრებით X-ში (twitter) პროპაგანდისტული ინფორმაციის გამავრცელებელი ანგარიშების შესახებ, რომელიც მიზნად ტრამპის განდიდებას და ბაიდენის დისკრედიტაციას ისახავდა. ანგარიშები ორ მთავარ მესიჯს ავრცელებდა: „ხმა მიეცით ტრამპს“ და „ბაიდენი არის ყველაზე ცუდი პრეზიდენტი, რომელიც აშშ-ს ოდესმე ჰყოლია“.

ამავე წყაროს ცნობით, მედია პლატფორმა X-ზე გავრცელებულ პოსტებს 2 თვის განმავლობაში აკვირდებოდა და ჯამში 12 391 არაავთენტური პრო ტრამპის ანგარიში შეისწავლეს.

რუსეთი უკვე წლებია ცდილობს საქართველოში გაავრცელოს პროპაგანდა, რომელიც გამიზნულია დაშლისთვის, საზოგადოების განხეთქილებისთვის და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებისთვის. 

არჩევნების დროს დეზინფორმაცია და ყალბი ინფორმაცია ხშირად გამოიყენება საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის, პოლიტიკურ წრეებში გაურკვევლობის შესაქმნელად და დემოკრატიული პროცესების საწინააღმდეგოდ. დეზინფორმაცია მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და არჩევნების სამართლიანობას.

ფოტო გენერირებულია ხელოვნური ინტელექტით