საქართველოში რეგისტრირებული 30 000-ზე მეტი რუსული კომპანიიდან 2 000-ზე მეტი სამცხე-ჯავახეთში, სამ მისამართზეა რეგისტრირებული, – ამის შესახებ კვლევას IDFI აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიები შეისწავლა.
კვლევის მიხედვით, ახალციხეში, აბის დასახლებაში 744 კომპანიაა რეგისტრირებული, ადიგენში ერთი საცხოვრებელი სახლი 411 კომპანიის მისამართად არის მითითებული, ხოლო ბორჯომში 850 რუსული კომპანიაა რეგისტრირებული.
IDFI-ს კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, გოგა თუშურაშვილი გვეუბნება, რომ კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში, ირეგისტრირებენ სახელმწიფო ქონებას, დაკავშირებულები არიან მმართველ პარტიასთან, მათ შორის თანხებს სწირავენ “ქართულ ოცნებას”.
კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ რუსულმა კომპანიებმა, რომელთა მფლობელები რუსეთის მოქალაქეებთან ერთად, ორმაგი მოქალაქეობის მქონენიც არიან, საქართველოში რეგისტრაცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც ოკუპანტი ქვეყანა უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. მაგალითად, თუ 2022 წლამდე 7 000-ზე მეტი კომპანია იყო რეგისტრირებული, მხოლოდ 2022 წელს ეს მაჩვენებელი 14 000-ს აღემატებოდა.
მსგავსი კვლევა რამდენიმე წლის წინ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საარტელომაც” გამოაქვეყნა, მაშინ ჩვენ, აბის დასახლებაში მითითებულ მისამართზე მივედით, სადაც კომპანიების ნაცვლად მხოლოდ სახნავ სათესი მიწის ნაკვეთი დაგვხვდა.
ნახეთ მომზადებული სიუჟეტი: აბის დასახლებაში, სახნავ-სათეს მიწაზე 350-მდე რუსული კომპანიაა დარეგისტრირებული – TI