“სამ შვილიშვილთან ერთად მოვედი, საჭიროა ასეთი შეხვედრები.ძალიან კარგი იქნება თუ გახდება ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი,” – თამარ ნადირაძე
ვსაუბრობთ, არაფორმალური და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, ადიგენის სოფელ არალში
ტექსტი:
ჩვენი გადამღები ჯგუფი ახლა არალში იმყოფება. სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1 120 მეტრზე განლაგებულ დასახლებაში, საუკუნეებია კათოლიკე და მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთად, მეგობრულ გარემოში ცხოვრობენ. ამას სიმბოლურად ერთმანეთის გვერდიგვერდ აგებული ორივე კონფესიის ეკლესიები ასახავს.
აქ 25 დეკემბერს საშობაო მესის ხმასაც გაიგებთ, 7 იანვარს მართლმადიდებლების საშობაო გალობასაც.
ჩვენ კათოლიკური ეკლესიის ეზოში შევიკრიბეთ. აქაურებს არაფორმალური და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე უნდა ვესაუბროთ, უნდა მოვუყვეთ თუ რა შესაძლებლობას ქმნის საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის განათლების პროგრამები.
მას შემდეგ, რაც ეზოში შეკრებილი ხალხი დაინახა, შემოგვიერთდა 83 წლის ფრანგულის მასწავლებელი, ეთერ აფრიამაშვილი. ამბობს, რომ მისი მთავარი ოცნება, საფრანგეთში ემოგზაურა რამდენიმე თვის წინ აუხდა.
სამ შვილიშვილთან ერთად მოვიდა 80 წლის თამარ ნადირაძეც, იგი ამბობს რომ ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპული განათლების სტანდარტების დანერგვა მისი შვილიშვილებისთვის და ზოგადად, მომავალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
არალში შეხვედრას აქტივისტი და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ქეთი ენდელაძე უძღვებოდა. არალში სტუმრობა ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით შევძელით.