საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულები და დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონეები, კომისიის წევრებად – ISFED 

October 9, 2024

ადიგენში, ასპინძაში და ნინოწმინდაში, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შერჩეული, საუბნო კომისიების წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები არიან. ნაწილი კი – აფილირებული მმართველ პარტიასთან, – ამის შესახებ სამართლიანი არჩევნების ანგარიშშია ნათქვამი. 

“სამართლიანმა არჩევნებმა” საპარლამენტო არჩევნების, წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედგები დღეს გამოაქვეყნა. 

ამავე ანგარიშის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად და ხელმძღვანელ პირებად არჩეულ კანდიდატთა ნაწილს გასულ არჩევნებში დაკისრებული ჰქონდათ დისციპლინური პასუხისმგებლობები.

“საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად და ხელმძღვანელ პირებად არჩეულ კანდიდატთა ნაწილს, 2020 ან/და 2021 წლებში ჩატარებულ საერთო არჩევნებისას დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური პასუხისმგებლობები. „სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შერჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს წარმოადგენს. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გარკვეული ნაწილი ასევე მმართველ პარტიასთან არის აფილირებული,” – ნათქვამია ანგარიშში. 

რა პრინციპით შეარჩიეს კომისიის თავმჯდომარეები და წევრები? – კითხვებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაკავშირება ვცადეთ, თუმცა იქ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. ( თემაზე მუშაობას განვაგრძობთ ) 

გარდა ამისა, “სამართლიანი არჩევნები” წერს, რომ ასპინძაში, საარჩევნო უბანში “ქართული ოცნების” სააგიტაციო მასალა დაფიქსირდა, რომელიც განთავსებული იყო როგორც უბნის შესასვლელში, ისე – შენობაშიც. ხოლო, ბორჯომში, პოლიტიკური სუბიექტების პოსტერებისთვის განკუთვნილი ადგილები მხოლოდ მმართველ პარტიას ჰქონდა ათვისებული და სხვა სუბიექტები ვერ სარგებლობდნენ.