- ელექტრონული საშუალებები და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული აპარატების გამოყენებით მისცემს.
საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა და კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებში ამომრჩევლებს დახვდებათ ვერიფიკაციის აპარატები და ხმის დათვლის ელექტრონული აპარატები.
ამომრჩევლის რეგისტრაცია და ხმების დათვლის პროცესი ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით მოხდება.
საუბნო საარჩევნო კომისიაში განთავსებულ ვერიფიკაციის აპარატს და ხმის დათვლის ელექტრონული აპარატს არავითარი კავშირი არა აქვს ინტერნეტთან. შესაბამისად, ამომრჩევლის პირადი მონაცემების ხელყოფა ან/და ელექტრონული აპარატის მეშვეობით მიცემულ ხმებზე ზემოქმედების განხორციელება შეუძლებელია.
იმ უბნებში, სადაც ელექტრონული საშუალებები არ იქნება და ძველი პროცედურებით ჩატარდება არჩევნები, მოხდება ბიულეტენების გაციფრულება კენჭისყრის დღიდან 2 დღის ვადაში.
- რა არის ვერიფიკაციის აპარატი და რისთვის გამოიყენება ის ?
ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი/აპარატებში ჩატვირთულია შესაბამისი საარჩევნო უბნის საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ამომრჩეველთა ერთიანი სია. საარჩევნო უბანში განთავსებული იქნება იმდენი ვერიფიკაციის აპარატი, რამდენი რეგისტრატორიც ეყოლება საარჩევნო უბანს და გამოიყენება იმისთვის რომ მოხდეს საარჩევნო უბანში მისული ამომრჩეველის ვერიფიკაცია.
საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას, რომელსაც რეგისტრატორი ვერიფიკაციის აპარატის წამკითხველში ატარებს. ამომრჩევლის მიერ საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ან საქართველოს მოქალაქის პირადობის არაელექტრონული მოწმობის წარდგენის შემთხვევაში, რეგისტრატორი ამომრჩევლის მონაცემთა ძებნას აპარატში ახორციელებს ხელით (პირადი ნომრის შეყვანის მეშვეობით).
სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში, სიაში შეყვანილი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაცია ვერიფიკაციის აპარატის ეკრანზე გამოისახება. შეუსაბამობის ან/და განმეორებითი ვერიფიკაციის შემთხვევაში აპარატი გამოსცემს ხმოვან სიგნალს.
- რა არის ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატი და როგორ ხდება არჩევნებში მონაწილეობა და ხმების დათვლა?
ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის მეშვეობით ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენს ათავსებს საარჩევნო ყუთში. კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ სპეციალური ელექტრონული აპარატიდან იბეჭდება კენჭისყრის წინასწარი შედეგები. აპარატი უზრუნველყოფს თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემული ხმების და ბათილი ბიულეტენების ცალ-ცალკე დათვალას.
ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენს სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საშუალებით ათავსებს ძირითად საარჩევნო ყუთზე დამონტაჟებულ აპარატში. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი ვერ ახერხებს სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საშუალებით აპარატში საარჩევნო ბიულეტენის მოთავსებას, მას შეიძლება დაეხმაროს საარჩევნო ყუთისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის ზედამხედველი კომისიის წევრი.
აპარატში საარჩევნო ბიულეტენის მოთავსებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხმის ფარულობის დაცვა.
თუ ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატი არ მიიღებს და უკან დააბრუნებს საარჩევნო ბიულეტენს, შესაძლებელია მისი ხელმეორედ მოთავსება ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში. საარჩევნო ბიულეტენის კვლავ დაბრუნების შემთხვევაში, იგი ჩაითვლება გაფუჭებულად. კომისიის თავმჯდომარის დავალებით რეგისტრატორი ვალდებულია ამომრჩეველს შეუცვალოს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი ახლით.
- როგორია საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი?
ხმის მიცემა ფარულია. ამომრჩეველი საარჩევნო კაბინაში სპეციალური მარკერის გამოყენებით ავსებს (აფერადებს სასურველი საარჩევნო სუბიექტის გასწვრივ წრეს) საარჩევნო ბიულეტენს და ათავსებს მას სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში.
ფარული ხმის მიცემის კაბინაში, საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას, სხვა პირის დასწრება და ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია.
ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს, ფარული კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს საარჩევნო უბანზე მყოფი ნებისმიერი პირი, გარდა:
- საარჩევნო კომისიის წევრისა;
- კანდიდატისა;
- საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა;
- დამკვირვებლისა;
- პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა.
თუ ამომრჩეველს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი ან სპეციალური ჩარჩო-კონვერტი, მან ეს უნდა აცნობოს კომისიის თავმჯდომარეს. კომისიის თავმჯდომარის დავალებით რეგისტრატორი ვალდებულია ამომრჩეველს შეუცვალოს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი/ჩარჩო-კონვერტი ახლით.
კომისიის თავმჯდომარე, ამომრჩევლის თანდასწრებით, გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს კეცავს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს საარჩევნო სუბიექტების დანახვა, გადაკეცილ საარჩევნო ბიულეტენს ამაგრებს ლითონის შემკვრელით, ჩამოაჭრის კუთხეს, დააწერს „გაფუჭებულია“ და აწერს ხელს.
- რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი?
იმ უბნებში სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებებით ტარდება, საარჩევნო ბიულეტენი ბათილად მიიჩნევა თუ:
- საარჩევნო ბიულეტენში გაფერადებულია ან/და მონიშნულია ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების წინ არსებული შესაბამისი წრე;
საარჩევნო ბიულეტენში არ არის გაფერადებული ან/და მონიშნული არცერთი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების წინ არსებული შესაბამისი წრე.
წყარო: “ქალთა საინფორმაციო ცენტრი” და “ღია სივრცე კავკასია”