დის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს რომელმაც დას ჯერ მანქანა დააჯახა, შემდეგ კი დანით დაზიანებები მიაყოლა, სასამართლომ 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
დანაშაული გარდაბანში 16 მაისს მოხდა, შსს ინფორმაციით ძმამ დას მანქანა განზრახ დააჯახა, შემდეგ კი ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ TOK TV – ის რედაქცია მაისშიც წერდა. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა რუსთავის საქალაქო სასამართლომ და ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 16 მაისს, გარდაბანში, ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით, დას ავტომანქანა შეაჯახა, რის შემდეგაც უმწეო მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „ე“ , „თ“, „კ“ და „მ“ (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) ქვეპუნქტებით წარედგინა. სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.“- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე თემაზე: