რამდენი და რა ღირებულების პროექტები განხორციელდა ახალციხის მუნიციპალიტეტში USAID-ის მხარდაჭერით და რა სახის სარგებელი მიიღო მუნიციპალიტეტმა? – ახალციხის მერია, “ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს” არღვევს და არ გვაწვდის კანონით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციას.
ზემოხსენებული კითხვებით ახალციხის მერიას 6 თებერვალს მივმართეთ. მიუხედავად იმისა, რომ უწყებას ინფორმაცია, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 37-ე მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის მე-40 მუხლით დადგენილ ვადებში, ანუ 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა მოეწოდებინა, მათგან პასუხი ამ დრომდე არ გვაქვს.
გამჭვირვალობის მოტოვოთ, გაუმჭვირვალე ხელისუფლების მიერ მიღებული “რუსული კანონის” მხარდამჭერებისგან, კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მისაღებად, TOK TV გეგმავს მუნიციპალიტეტს საჩივრით მიმართოს.
რა მიზეზით არ გვაწვდიან ინფორმაციას? – უწყებიდან პასუხის მიღებას მეხუთე დღეა ველოდებით.
IDFI-ს იურისტი, ნიკა ბოლქვაძე საჯარო ინფორმაციის მიწოდების მაჩვენებლის გაუარესებაზე საუბრობს. მისი თქმით, “მედიის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, 204 საჯარო ინფორმაცია გააგზავნეს, ხოლო მათგან სრული პასუხი, კანონით დადგენილი ვადების დაცვით, მხოლოდ 12 (6%) მიიღეს. მოთხოვნილი ინფორმაციიდან 60 %-მდე კი რეაგირების მიღმა დარჩა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ახალციხის მერიიდან კანონით მოთხოვნილი ინფორმაცია ვერ მივიღეთ.
მუნიციპალური ორგანო, თითქმის ერთი წელია არ გვაწვდის ინფორმაციას, თუ რამდენმა პირმა აიღო შვებულება გასული წლის 29 აპრილს, ქართული ოცნების ღონისძიებაზე წასასვლელად და რამდენად მიაქირავა მერიამ ახალი ავტობუსები “ქართულ ოცნებას” მოსახლეობის გადაყვანისთვის. ( სად (არ) მიდიან და რატომ უერთდებიან ახალციხელები “ოცნების” კონტრაქციას ) საჯარო ინფორმაცია ამის შესახებ კონტრაქციის მეორე დღეს, 30 აპრილს გამოვითხოვეთ. თუმცა, ჩვენს რედაქციას ინფორმაცია ამ დრომდე არ მიაწოდეს.
ახალციხის მერია გვიმალავს საჯარო ინფორმაციას, TOK TV-მ “სახალხო დამცველს” მიმართა
ინფორმაციის მიღების მიზნით, ჩვენმა რედაქციამ 5 ივლისს, საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა. მიუხედავად სახალხო დამცველის მოწოდებისა, უწყებამ ინფორმაცია არც მაშინ მოგვაწოდა.
გარდა ამისა, ჩვენმა რედაქციამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებისთვის, IDFI-ს მხარდაჭერით, არაერთი საჩივარი გაგზავნა სხვადასხვა საჯარო უწყებაში. მათ შორის, კულტურის სამინისტრომ, ახალციხეში, სოფელ ივლიტაში არსებული ტაძრის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ მოგვაწოდა, რაც სარჩელი სასამართლოში შევიტანეთ.