“სურსათის ეროვნული სააგენტო” ირწმუნება, რომ რამდენიმე კვირის წინ, ახალციხეში ამღვრეული წყალი, რომელსაც სხვადასხვა ნარჩენებთან ერთად მატლებიც მოჰყვებოდა, შეესაბამება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ სტანდარტებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ჩვენს მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხად გვაწვდის.
ახალციხეში დაბინძურებული წყალი, თითქმის ორი კვირის განმავლობაში მოდიოდა. ამ პერიოდში მოსახლეობა მიუთითებდა, რომ წყალი გამოსაყენებლად ვარგისი იყო, რადგან იყო ძალიან ამღვრეული, მოჰყვებოდა სხვადასხვა სახის ნარჩენები და მატლებიც კი.
სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ახალციხეში სასმელი წყლის სინჯები შემდეგი ქუჩებიდან აიღეს:
1) რუსთაველის ქ.#109-ში არსებული რეგიონული პოლიციის სამმართველოს ონკანიდან;
2) „საბარგო სადგურის დასახლებაში“ – ეკლესიის მიმდებარედ არსებული ონკანიდან (თამარაშვილის ქუჩის ბოლო);
3) რაბათის დასახლებაში, გოგებაშვილისა და ყაზბეგის ქუჩის კვეთაზე არსებული საუბნო-საეკლესიო ონკანიდან;
4) დიდიმამიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სერვისცენტრის ოფისის ონკანიდან;
5) 9 აპრილის ქ. #1 გ, „კამელიელთა“ სარეაბილიტაციო ცენტრის ეზოს ონკანიდან.
ამავე წერილში მიუთითებენ, რომ სასმელი წყალი ბაქტერიებზე, ფეკალურ სტრეპტოკოკზე, რკინაზე, თუთიაზე, ტყვიაზე და სხვა მაჩვენებლებზე ჩაუტარდა კვლევა, რომლის შედეგად დადგინდა: “ხუთივე სინჯში მომატებულია სიმღვრივე, ხოლო დანარჩენი მაჩვენებლების მიხედვით, სასმელი წყალი შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტის“ მოთხოვნებს,” – ნათქვამია წერილში.
რა რეაგირება ჰქონდა “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას”, რომელიც სასმელი წყლის ხარისხს სწავლობდა? – უწყებიდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით.
ახალციხეში, სასმელი წყლის დაბინძურების საკითხს სემეკი სწავლობს