სახალხო ანგარიშები უხალხოდ – მერის ანგარიშები

July 7, 2025

რას საქმიანობდნენ და რამდენად წარმატებით ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები? – ამ კითხვაზე პასუხს, მათ შორის მათ ყოველწლიურ ანგარიშებში უნდა ვხედავდეთ, რომლის ჩაბარება საჯაროდ, ხალხისთვის  თვითმმართველობის კოდექსით სავალდებულოა, თუმცა ადგილობრივი მთავრობების  მორიგმა 4 წლიანმა ციკლმა, რომელიც დასასრულს უახლოვდება, არაერთი ფორმალური ანგარიში დააგროვა.

“მუნიციპალიტეტის მერი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებული არიან მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ,” – ვკითხულობთ “თვითმმართველობის კოდექსის” 88-ე მუხლში, რომელიც მუნიციპალური თანამდებობის პირებს საქმიანობის ანგარიშის წარდგენას და პროცესის გამჭვირვალეობას ავალდებულებს. თუმცა პრაქტიკა განსხვავებულია. 

სპეციალისტების შეფასებით, ბოლოდროინდელი პრაქტიკიდან გამომდინარე, ანგარიშების წარდგენამ მხოლოდ ფორმალური და ტექნიკური სახე მიიღო, ხოლო პროცესი დახურულ კარს მიღმა პარტიულ ღონისძიებად გადაიქცა. 

ამ სტატიაში კონკრეტულ მაგალითებზე და საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით მოგიყვებით თუ როგორ მუშაობს და როგორ უნდა მუშაობდეს ზემოხსენებული მექანიზმი.

თელავი

გადავინაცვლოთ კახეთში, კონკრეტულად კი თელაშვი, რომელიც თვითმმართველი ქალაქის სტატუსით მხოლოდ სამი წლით სარგებლობდა. 2014 წელს, საქართველოს პარლამენტმა თელავს საქართველოს 6 სხვა ქალაქთან ერთად თვითმმართველის სტატუსი მიანიჭა, თუმცა 2017 წელს შვიდივე ქალაქს თვითმმართველის სტატუსი გაუუქმა. 

ეს ფოტო თელავის მერის, ლევან ანდრიაშვილის საქმიანობის ანგარიშის დოკუმენტიდან არის აღებული, თუცმა მოქალაქეებს ამის ნახვა და მოსმენა პირადად არ შეეძლოთ, რადგან მერს ანგარიში მოსახლეობისთვის საჯაროდ არ წარუდგენია. მათ ანგარიში მხოლოდ სოციალურ ქსელში და ვებ გვერდზე გამოაქვეყნეს, – აღნიშნულს გვიდასტურებენ თელავის მერიაში. 

მერის ანგარიშის მიხედვით:

  • ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე ლარი დაიხარჯა;
  • რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 მილიონამდე თანხა გამოიყო, რომელიც შიდა საუბნო გზების, სანიაღვრე არხების, წყლის სისტემის, სპორტული და საბავშვო მოედნების რეაბილიტაციას მოხმარდა;
  • 1 300 000-მდე ლარის ღირებულების, 24 პროექტი განხორციელდა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში. 

თელავის მუნიციპალიტეტმა 2024 წელს, ევროკავშირისგანაც მიიღო ფინანსური მხარდაჭერა. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” გამჭვირვალობის მოტივით “რუსული კანონი” მიიღო და ევროკავშირის და დასავლეთის მისამართით კრიტიკული განცხადებების გავრცელება დაიწყო.

სწორედ ამ პერიოდში, თელავის მერიამ ევროკავშირის მხარდაჭერით ცენტრალური ბულვარი 270 000 ლარად მოაწესრიგა, ხოლო “გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების” (GIZ) დაფინანსებით, 180 000 ლარად სხვადასხვა გარემოსდაცვითი ინიციატივები განხორციელდა.

ყვარელი

თელავის მერისგან განსხვავებით, ყვარლის მერმა, გივი ზაუტაშვილმა საკუთარი საქმიანობის ანგარიში წარადგინა, თუმცა “ვიწრო წრეში”.

მუნიციპალურ ორგანოს ანგარიშის წარდგენის შესახებ წინასწარ ინფორმაცია სოციალური ქსელით არ გაუვრცელებია, ხოლო უშუალოდ პრეზენტაცია მხოლოდ მუნიციპალური ა(ა)იპების თანამშრომლებს და საკრებულოს დეპუტატებს წარუდგინა. 

ყვარლის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მერმა ზემოხსენებულ “სამიზნე აუდიტორიას” ანგარიში 26 დეკემბერს წარუდგინა და ამისი ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა. ასევე, ხელმისაწვდომია მერის 2024 წლის ანგარიშის დოკუმენტიც. 

თელავის მერიის მსგავსად, “ქართული ოცნების” ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, ყვარლის მერიამაც მიიღო დაფინანსება ევროკავშირისგან და “გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისგან” (GIZ)

კერძოდ:

  • ყვარლის მერიამ თითქმის 300 000 ლარი მიიღო ევროგაერთიანებისგან და 9 აპრილის სკვერის მიმდებარე ტერიტორია მოაწყო;
  • GIZ-ის მხარდაჭერით, კი – 350 000 ლარად 9 აპრილის სკვერი მოაწყო. 

მერი, გივი ზაუტაშილი თავის ანგარიშში გასულ წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებზეც აკეთებს აქცენტს. მაგალითად, ანგარიშში მითითებულია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თითქმის 8 მილიონი 9 პროექტისთვის გამოიყო, რომელთაგან 6 დასრულდა, ხოლო 3 მიმდინარეა. პროექტების უმეტესი ნაწილი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საავტომობილო გზების მოწესრიგებას ეხება. 

სანიაღვრე არხების, წყლის სისტემის, სპორტული მოედნების, სადროშე ბოძების და სხვა პროექტების განხორციელებისთვის, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თითქმის 800 000 ლარი დახარჯა. 

ყვარლის მერის, 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, 27 სოფლისთვის მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯა. 

საჯარო, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში — დახურული

დავუბრუნდეთ მთავარს, რა მიზანი აქვს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების საჯაროდ ანგარიშების წარდგენას და საზოგადოების ინფორმირებას.

თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტის მაგდა პოპიაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის მერმა, მოქალაქეებთან ერთად უნდა გადაწყვიტოს საკითხები, რაც თვითმმართველობის კანონშიც წერია. თუმცა, პოპიაშილის თქმით, რეალობა განსხვავებულია “მერია და საკრებულო არათუ მოქალაქის, არამედ პარტიის წარმომადგენლად მიიჩნევენ თავს, რის გამოც მოქალაქეების მოთხოვნილებები არ ემთხვევა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებს.”

საერთაშორისო პრაქტიკა 

ევროპულ ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის ანგარიშვალდებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალური ანგარიშებით. ის საჯარო მოსმენებში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას მოიცავს. გარდა ამისა, ანგარიშების წარდგენისთვის გამოიყენება ციფრული პლატფორმები და “ღია მმართველობის პარტნიორობის” ფორმატები (OGP)

საქართველო “ღია მმართველობის პარტნიორობის” წევრი 2012 წლიდან იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” “რუსული კანონი” მიიღო, 14 ოქტომბერს, ჩვენს ქვეყანას OGP-ს წევრობა შეუჩერა