წალკის მუნიციპალიტეტში თვეზე მეტია რაც მსხვილფეხა საქონელი დაავადებულია. დაავადება წალკის თითქმის ყველა სოფელში სწრაფად გავრცელდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სიმპტომები საქონლის ერთ-ერთ ცნობილ დაავადებას ,,თურქულს“ჰგავს.
ძროხებს გადაადგილება და ადგომა უჭირთ, ვეღარ ჭამენ, დაიკლეს წონაში, აქვთ გამონაყარი პირის ღრუში, ცურზე, დამსკდარი აქვთ ჩლიქები და კოჭლობენ.
სიმპტომები წალკის სხვადასხვა სოფლის ძროხებს მსგავსი აქვთ, თუმცა, მათი დიაგნოზი ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის. ლაბორატორიულად არავის გამოუკვლევია.
ადგილობრივები დარწმუნებული არიან, რომ მათ საქონელს ,,თურქული“აქვთ, ზოგიერთი ამბობს, რომ ეს მათ ვეტერინარებმაც უთხრეს. ამ დაავადებას ,,თურქულს“ ეძახიან. თუმცა, ჩვენს რედაქციას ამ დაავადების შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო არ უდასტურებს.
ძროხების მასობრივ დაავადებაზე წალკელებმა, წალკის სოციალურ ჯგუფშიც დაწერეს. პრობლემა მასშტაბურია და სახელმწიფოს დახმარებას საჭიროებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ დროს დაავადებული ძროხის რძის გამოყენებაც საშიშია. წველადობა ისედაც დაკლებულია.
ჩვენი რედაქცია სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის მთავარ ვეტერინარს ჯემალ დეკანაძეს დაუკავშირდა. ის ,,თურქულის“ გავრცელებას არ ადასტურებს. გავრცელებულია პიროპლაზმოზი და ნეკრობაცილოზი– ნეკრობაქტერიოზი დეკანაძე ოფიციალურ კომენტარზე უარს ამბობს. საქონლის მასიურ დაავადებაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის ოფისშიც არ მოგვცეს ინფორმაცია.
რა ჭირთ წალკელ ძროხებს?
ჩვენი რედაქცია წალკის სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას დაუკავშირდა. მათი თქმით, ძროხებს სიმპტომები დაახლოებით ერთი თვის წინ დაეწყოთ, ზოგი გამოკეთდა, ზოგს ახლაც მკურნალობენ. დადასტურდა საქონლის დაცემის ფაქტიც. ლია ( შეცვლილია რესპონდენტის სახელი) წალკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, მას 30 სული საქონელი ჰყავს. მესაქონლეობას ოჯახი წლებია მისდევს. შემოსავლის ძირითად წყაროს, სწორედ რძის პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს. ამბობს, რომ ზარალი დიდია, დაავადებული საქონელი აღარ იწველება, და რომ იწველებოდეს, მისი გამოყენება არ შეიძლება. ლიას საქონლის მსგავსად დაავადებულია საქონელი სამეზობლოშიც.
ოჯახი საქონელს თავად მკურნალობს. ადგილობრივი ვეტექიმებისთვის არ მიუმართავს და ამბობს რომ არც ვინმე დაინტერესებულა მათი პრობლემით.
,, ვეტექიმისთვის არ მიგვიმართავს, აზრიც არა აქვს, ვისაც გინდა მიმართე, ვის სცალია ჩვენთვის, გაჭირვებულისთვის და გლეხისთვის, არასოდეს არავის სცალია. შარშანწინ კიდევ იყო ეს დაავადება ცხვარმა მოიტანა, ჩვენს საძოვარს რომ იყენებენ მეცხვარეები, ეს გახდა ამ დაავადების გამავრცელებელი, შედეგად კი ჩვენი საქონელი დაავადდა. “
ლია ამბობს რომ ოჯახი საქონელს თავად უვლის, საჭირო პროფილაქტიკურ აცრებსაც თავად უკეთებენ. “
ლია გვიყვება რომ ეს არის დაავადება ,,თურქული“. ამის ამოცნობა არ გასჭირვებიათ, რადგან წლებია მესაქონლეობას მისდევენ და არ ეშლებათ. ,,ჩვენს სოფელში ერთი კვირაა რაც საქონელი დაავადდა. გამონაყარი აქვთ პირში, ამის გამო ვერ ჭამენ, ძალიან გახდნენ და დაუძლურდნენ. საბალახოზეც ტყუილად დადიან, ვერ ძოვენ. შინ დაბრუნებულებს ქატოს ვაძლევთ და თივით ვკვებავთ.
საშინელ დღეში აქვთ ჩლიქებიც,უჭირთ სიარული, ზოგს ცურიდან აქვს დააავადება შეხვედრილი. არამარტო ძროხები არიან ავად, ხბორებიც ცუდად არიან. “
დოდო ( რესპონდენტის თხოვნით შეცვლილია სახელი) მესაქონლეობას მისდევს. ვიდრე საქონელი კარგად იყო, ყიდდა რძეს, ყველს, მაწონს. ახლა კი შემოსავლის გარეშე დარჩა. როგორც კი საქონელი ავად გაუხდა, შინ ვეტერინარი მიიყვანა. მისი თქმით ეს დაავადება ,,თურქულია“.
,, გამოგვიწერა წამლები, სპრეები და დავიწყეთ მკურნალობა. ახლა უკეთ არიან, თუმცა, ბოლოდე ვერ განიკურნენ.
პირიდან საქონელს ნაფლეთები ცვიოდა, ქაფი სდიოდა. ნახეთქები და წყლულები ჰქონდა. ფეხებზე ახლაც მარილ წყლის კომპრესებს ვაფენ და ბეტადინით ვმკურნალობ, ადგომაც უჭირს, კოჭლობს კიდეც. რამდენიმეს გამონაყარი ჰქონდა ცურზეც. როგორც ვიცით ეს დაავადება ძროხებს ცხვრებისგან გადაედოთ, საერთო საძოვრებზე რომ დადიან და ბალახობენ ერთად.
მეზობლებს ამ დაავადებით დაეხოცა საქონელი. ზოგმა არ ვიზარალოო და 3 ათას ლარიანი საქონელი 800, 500, 1000 ლარში გაყიდა. ძალიან ცოტას იწველება საქონელი, მე ვაქცევ რძეს, ამ რძის გამოყენება არ შეიძლება.
ყველამ იცის რა დღეში არიან ძროხები და რა დღეშია ხალხი, თუმცა ჩემთან და არც ჩემს ახლობლებთან არავინ მოსულა დასახმარებლად, რჩევის მოსაცემად. ჩვენ თავად მოვიყვანეთ კერძოდ ვეტერინარი.
ნარგიზაც ( სახელი შეცვლილია რესპონდენტის თხოვნით) ამბობს რომ ძროხები დაავადნენ ,,თურქულით “ და ეს მათ ვეტექიმმა უთხრა.
ნარგიზა კმაყოფილია ვეტერინარის ჯემალ დეკანაძის მუშაობით. ამბობს, რომ ვეტექიმების რჩევით და მკურნალობით ძროხები გამოკეთდნენ. ძროხებს დაავადება ,, თურქული“ ჰქონდათ და არამარტო წალკაში, სხვა რეგიონებიც ამავე სიმპტომებით იყო მსხვილფეხა პირუტყვი დაავადებული. სახელმწიფო უფასოდ ძროხებს ვერ უმკურნალებს, ყველაფერი უფასო ვერ იქნება. უფასოდ მივიღეთ რჩევები, კონსულტაციები. კარგად იმუშავეს ვეტერინარებმა. სახელმწიფომ გაზაფხულზე უფასოდ მსხვილფეხა საქონელს ვაქცინაცია ჩაუტარა.
თამარი გვიყვება რომ გაუჭირდა დაავადებული ძროხების მოვლა.,, არ გვაქვს არანაირი დახმარება სახელმწიფოსგან, ხალხზე არავინ ზრუნავს. მოვლა პატრონობა არ აკლია ჩვენგან საქონელს და მთავრობამაც იზრუნოს უფრო მეტად. “
ძროხების მასობრივ ავადობაზე ინფორმაცია აქვთ წალკის მუნიციპალიტეტში. გვიპასუხეს -რომ იციან ძროხების დაავადების შესახებ და ამბობენ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო საქმის კურსშია და მუშაობენ.
რაც შეეხება სურსათის ეროვნულ სააგენტოს. ჩვენ ვცადეთ ინფორმაცია მიგვეღო წალკაში ძროხების ავადობის შესახებ.
არის თუ არა დაავადება ლაბორატორიულად დადასტურებული. რამდენად უსაფრთხოა დაავადებული საქონლის რძის პროდუქტების მიღება, რომელ დაავადებებზე მუშავდება საქონელი და რა კეთდება პრევენციისთვის. საშიშია თუ არა ეს დაავადება ადამინისთვის. გავრცელებულია თუ არა დაავადება წალკის მუნიციპალიტეტის გარდა სხვა რეგიონებში. როგორ მიდის მსხვილფეხა საქონლის ვაქცინაცია და რომელ დაავადებაზე იცრება საქონელი.
რა დახმარება აღმოუჩინეს ფერმერებს.
თუმცა, ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.
რამდენად საშიშია თურქულის შტამი ცხოველითვის და ადამიანისთვის? რა როლი აქვს სახელმწიფოს მის მართვაში და როგორ რჩება მოქალაქე მარტო ამ საკმაოდ ვერაგი დაავადების წინაშე? რატომ მალავს და არ აღიარებს სახელმწიფო თურქულის არსებობას და რატომ არ აწესებს კარანტინს? სად არის გამოსავალი რეალობაში, როცა სოფლებში ასეულობით საქონელი სიკვდილის პირასაა? – მოვუსმინოთ ვეტერინარ ამირან კოჩალიძეს
გავრცელებულია თუ არა მსხვილფეხაა საქონლის ავადობა სხვა რეგიონებში, რა დაავადებითაა დასნებოვნებული წალკის მოსახლეობის მსხვილფეხა საქონელი. ტარდება თუ არა ვაქცინაცია და რა დაავადებებისგან იცავს, TOK2REGION თემაზე მუშაობას აგრძელებს.
ფოტო დამზადებულია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით
თემაზე მუშაობდა; ბელა გელაშვილი; ლამუნა ირემაშვილი
Tags: დაავადებული ძროხა, წალკა. დაავადება