რუსეთის ,,სამშვიდობო ძალები“ კონფლიაქტის ზონას ყარაბაღიდან სომხეთის სამხედრო ძალების გაყვანის პარალელურად დაიკავებენ
ყარაბაღში ომის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც სომხეთის პრემიერ მინისტრმა ხელი აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტს მოუწერა და რომელიც ძალაში 10 ნოემბრის ღამის 1:00 საათიდან შევიდა, რუსეთის ,,სამშვიდობო ძალებს“ კონფლიქტის ზონაში 5 წლით, შემდეგომი 5 წლის ავტომატური გადაგრძელებით უსაზღვრავს მანდატს.
შეთანხმების მიხედვით, რომლის ტექსტი სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება, აგდამის მხარე სრულად აზერბაიჯანს 2020 წლის 20 ნოემბრამდე უნდა ჩაბარდეს. ხოლო ქელბაჯარის რაიონი აზერბაიჯანს უკვე 15 ნოემბრამდე უნდა გადაეცეს.
მხარეთა შეთანხმებით, სამი წლის განმავლობაში განისაზღვრება ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ახალი სატრანსპორტო მარშრუტის მშენებლობის გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სტეპანაკერტსა და სომხეთს შორის ამ მარშრუტზე მოსახლეობისა და ტვირთის უსაფრთოდ გადაადგილების კონტროლზე პასუხისმგებელია აზერბაიჯანი.
სომხეთის რესპუბლიკამ თავის მხრივ უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო კავშირი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის (თურქეთთან უშუალო საზღვრის ქონის შესაძლებლობა), რათა ორგანიზება გაუწიოს მოქალაქეების, მანქანებისა და საქონლის შეუფერხებელ გადაადგილებას ორივე მიმართულებით.
ტრანსპორტის კონტროლს რუსეთის ФСБ განახორციელებს.
შეთანხმების მიხედვით, იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები მთიანი ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის კონტროლის ქვეშ უნდა დაბრუნდნენ.უნდა მოხდეს სამხედრო ტყვეების და სხვა დაკავებული პირებისა და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლა.