ავტორი: მარიამ ყვავაძე
,,გაწვევა” – ასე ჰქვია საქართველოში მამაკაცების სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ,,არასასიამოვნო“, ,,სტრესული“, ,,მოუმზადებელი“, ,,გაურკვევლობის შეგრძნება“, ,,ტრავმული“ – ეს ის სიტყვებია, რომელიც ჩვენ ე.წ. ,,ჯენ ზი“ ბიჭების რამდენიმე ინტერვიუდან ამოვკრიბეთ, როცა ისინი ,,ჯარში გაწვევის“ საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებდნენ. მათთვის ეს პროცესი სწორედ ასეთი იყო, ბავშვობიდან სტრესული და გაურკვეველი ,,გაწვევა“ და არა მაგალითად, ,,მიწვევა – საქართველოს სამსახურისთვის“.
ბიჭები არაიდენტიფიცირებად საუბარშიც კი ერიდებიან ღიად და ვრცლად მოგვითხრონ სავალდებულო სამხედრო სამსახურთან შეხების საკუთარი გამოცდილება, თუმცა თავშეკავებულ ინტერვიუებშიც ისმის, თუ რისი გადატანა მოუხდათ. მათ ხმებს აქ უფრო ვრცლად მოისმენთ.
მათი ნაწილი ჩვენ ე.წ. ,,რუსული კანონის” წინააღმდეგ დაორგანიზებულ აპრილისა და მაისის აქციებზე ჩავწერეთ, სადაც პროტესტანტების დიდი ნაწილი ე.წ. “ჯენ ზია”. რუსული ,,ინოაგენტების” კანონის მსგავსის ინიციატორი სამთავრობო გუნდი, პროტესტის მონაწილე ბიჭებს, ხშირად სწორედ სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის ,,თავის არიდებას” აბრალებს, ამ ნიშნით მათ სოციალურ ქსელშიც პროსამთავრობო ანგარიშები ხშირად აბულინგებენ. მაგალითად, ეს ლადო ბოჟაძეა – თბილისის საკრებულოს წევრი ,,ქართული ოცნებიდან“:
ლადო ბოჟაძე – წყარო © POST TV
ფსიქოლოგი ლიკა ბარაბაძე გვიხსნის, რომ ,,ნებისმიერი დარცხვენა, რომელსაც ამ დღეებში ახალგაზრდების მისამართით ვისმენთ, მიზნად ისახავს მათ წარმოჩენას, როგორც არაპატრიოტების ან ადამიანების, რომლებისთვისაც სამშობლოს ცნება არის უცხო, რომლებსაც არ შეუძლიათ ქვეყნის დაცვა ან საკუთარი თავის და უფლებების დაცვა. ეს კი ემსახურება მათ დემოტივაციას, ემოციურად ჩაძირვას და ალბათ იმას, რომ საკუთარ თავში დარწმუნებულები აღარ იყვნენ, რასაც აკეთებენ სწორია თუ არა…“
კოლექტიური დასჯის მეთოდები; იძულებითი სამსახური; არაფორმალური სანქციები; საერთო საშხაპე; საკომუნიკაციო საშუალებების შეზღუდვა; დაბინძურებული წყალი; ანტისანიტარია – პრობლემები სახალხო დამცველის ბოლო, 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების თავში მოხვდა და ისინი სწორედ ჯარის დისლოკაციის ადგილების შემოწმების შედეგად დაიწერა. უფრო ვრცლად ანგარიშიდან ამონარიდებს ნახავთ აქ:
სახალხო დამცველიც მიუთითებს, რომ რწმუნებულებთან საუბრისას არაერთმა სამხედრო მოსამსახურემ აღნიშნა უფლებადარღვევის შემთხვევებზე, ,,თუმცა გასაჩივრების მექანიზმი არც ერთ შემთხვევაში არ გამოუყენებიათ, რომლის ძირითადი მიზეზები საჩივრების მექანიზმის შესახებ ინფორმაციის არქონა და აღნიშნული მექანიზმის მიმართ არსებული უნდობლობაა, მათი აზრით, გასაჩივრება უშედეგო იქნება.”
ფსიქოლოგი თვლის, რომ მამაკაცების დუმილი ჯარში უფლებების დარღვევებზე, მათ შორის, გენდერული სტერეოტიპებითაც არის განპირობებული, ხოლო სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება სწორედ ცუდი პირობების მოლოდინების გამო ხდება:
თავდაცვის კოდექსში ცვლილებების თანახმად, 2024 წელი პირველი წელია, როცა ,,გაწვევის“ პროცესს, არა ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, არამედ ცენტრალური მთავრობა უძღვება. ცვლილებების შედეგად გაიზარდა წვევამდელთა ხელფასიც და რიგითის ხელფასი 400 ლარი (საშუალოდ 150$ ) გახდა.
სულ ბოლოს წვევამდელებმა ფიცი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე დადეს.
ჩვენ თავდაცვის სამინისტროდან ვერც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვით, ვერც პირდაპირი დაკავშირებით მივიღეთ პასუხები კითხვებზე:
- რამდენი ადამიანი გაიწვიეს წელს?
- როგორია გაწვევის დემოგრაფიული სურათი?
- რამდენია წვევამდელთა შორის რეგიონებიდან?
- სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან?
- რა შეცვალა ცვლილებებმა?
თავდაცვის სამინისტრომ საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი, ამ კითხვების უპასუხოდ დატოვებით, არაერთგზის დაარღვია.