ბავშვთა უფლებათა დაცვის კოდექსის 17-ე მუხლის მიხედვით, ბავშვებს აქვთ უფლება ისარგებლონ შეკრების თავისუფლებით.
საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეების გაფიცვას და აქციების გამართვას შეუერთდნენ ახალციხიდანაც. გუშინ, ახალციხის #5 საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და “ქართული ოცნების” მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება და თბილისში განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს. სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია სახელმწიფოს მხრიდან ის მიდგომა, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გეზს.
ჩვენი გადამღები ჯგუფი მოსწავლეებთან დილიდან იყო, იმ პირთა ნაწილი, რომელიც გაიფიცნენ ნელ-ნელა მცირდებოდა, რადგან როგორც ისინი ამბობენ, მოსწავლეთა ნაწილი სკოლაში შევიდა და იქიდან უკან არ გამოუშვეს , ხოლო ნაწილის მშობლებს მასწავლებლებმა დაურეკეს და ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართვა მოსთხოვეს.
ბავშვები, მასწავლებლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ შესვენების დროს შენობის დატოვებას უკრძალავენ, მაშინ როდესაც სხვა დროს ამისი შეზღუდვა არ იყო.
მოსწავლეებთან დილიდან რამდენჯერმე მივიდა საჯარო სკოლის დირექტორი, ინგა კაჭკაჭიშვილი. იგი მოსწავლეებს სკოლაში შესვლისკენ მოუწოდებდა და ეუბნებოდა, რომ თუ რაიმეს გაპროტესტება სურდათ სკოლის ტერიტორიისგან შორს გამოეხატათ თავიანთი პოზიცია.
კაჭკაჭიშვილი მთელი დღის განმავლობაში ჩვენს კითხვებს დუმილით ხვდებოდა.
მეხუთე სკოლელების პროტესტს შემოუერთდნენ მესამე და პირველი სკოლის მოსწავლეებიც.
ბავშვთა უფლებათა დაცვის კოდექსის 17-ე მუხლის მიხედვით, ბავშვებს აქვთ უფლება ისარგებლონ შეკრების თავისუფლებით – კონკრეტულად რას გულისხმობს მუხლი? ვკითხეთ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელს, თამარ გაბოძეს.
იგი ასევე გვეუბნება, რომ მზად არიან ბავშვების უფლებების დასაცავად იმ შემთხვევაში, თუ გაფიცვის დროს მათი უფლებები დაირღვევა.
აქვე გეტყვით, რომ “ქართული ოცნების” მიერ, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილებას მწვავე რეაქცია მოჰყვა მოქალაქეების, აქტივისტების, მოსწავლეების და საჯარო მოხელეების მხრიდან. საპროტესტო აქციაზე ოფიციალური მონაცემებით დაშავდა 60-ზე მეტი მედიის თანამშრომელი.
სპეცრაზმის წარმომადგენლებმა არაერთ მშვიდობიან მოქალაქეზე იძალადეს. გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. ოფიციალური ცნობებით დაშავებულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.
სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სკოლების ნაწილმა სასწავლო პროცესი დროებით შეაჩერა და გაფიცვის რეჟიმში გადავიდა. გაიფიცნენ საჯარო სკოლების ცალკეული კლასებიც მათ შორის, ახალციხის 6-ე სკოლის 11-ე კლასის მოსწავლეებმა დღეს დაფაზე დააწერეს, რომ საგაკვეთილო პროცესს არ დაესწრებიან.
დღესვე, ცნობილი გახდა, რომ გაფიცვას შეუერთდნენ წალკის სოფელ ავრანლოს სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებიც, – ამის შესახებ მათ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ( ავრანლოს საჯარო სკოლის თვითმმართველობა) გაავრცელეს და ფოტოები ჩვენს რედაქციასაც გადმოუგზავნეს.
“როგორც უფალი სამშობლო, ერთია ქვეყანაზედა” , “ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!” , – წერია საკლასო ოთახების დაფებზე.
აქვე გთავაზობთ, “ზოგადი განათლების შესახებ” კანონიდან კონკრეტულ მუხლებს, სადაც საუბარია მოსწავლის გამოხატვის თავისუფლებაზე:
მუხლი 14. გამოხატვის თავისუფლება
1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოიძიონ, მიიღონ, შექმნან, შეინახონ, დაამუშაონ ან გაავრცელონ ნებისმიერი ინფორმაცია და იდეები, აგრეთვე გამოიყენონ სკოლის რესურსები ინფორმაციისა და იდეების მოსაძიებლად, მისაღებად, შესაქმნელად, შესანახად, დასამუშავებლად ან გასავრცელებლად, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.
2. მოსწავლეს უფლება აქვს გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა.
მუხლი 15. შეკრების თავისუფლება
1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს აქვთ წინასწარი შეტყობინების საფუძველზე სკოლის ტერიტორიაზე კანონით დადგენილი წესით შეკრების თავისუფლება.
2. დაუშვებელია, სკოლამ წარმართოს ან აკონტროლოს მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა შეკრების მსვლელობა მათი სურვილის საწინააღმდეგოდ. სკოლას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, დაესწროს მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა შეკრებას.
მუხლი 16. გაერთიანების თავისუფლება
1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს აქვთ კანონით დადგენილი წესით გაერთიანების თავისუფლება.
2. დაუშვებელია, სკოლა ჩაერიოს მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა გაერთიანების საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. დაუშვებელია, გარეშე პირმა წარმართოს ან აკონტროლოს მოსწავლეთა გაერთიანება.