ამ წუთებში ქუთაისის საქალაქო სასამართლო განიხილავს იმ პირების საქმეს, რომლებიც 26 იანვარს, ქუთაისში მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე იმყოფებოდნენ.
ეს პირებია:
- ჟურნალისტი, მთის ამბების რედაქტორი გელა მთივლიშვილი;
- მუსიკოსი, ნინო ქათამაძე;
- მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი ვლადიმერ აფხაზავა;
- ჟურნალისტი, ხვიჩა ვაშაყმაძე;
- ფსიქოლოგი, ქეთევან ფილაური;
- „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი, ეკა კუხალაშვილი;
- ფსიქოლოგი, მაია ცირამუა;
- სამოქალაქო აქტივისტი, ირინა ზარანდია;
- ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, გივი ცინცაძე.
პირებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევას ედავებიან. ეს მუხლი სასჯელის სახით 15 დღემდე დაპატიმრებას ითვალისწინებდა, თუმცა 6 თებერვალს, კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, იგივე ქმედება ისჯება 5 000-ლარიანი ჯარიმით ან 60 დღემდე ვადით პატიმრობით.
განახლება
_____
დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა მოსამართლემ საქმის განხილვა შეაჩეროს, ვინაიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
_____
სასამართლოში საქმე “ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის” განახლებული ვერსიით განიხილება.
თავდაპირველად, კოდექსის 174 პრიმა მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც სასამართლოს შესასვლელის ბლოკირებას, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარების აკრძალვას გულისხმობს, 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებდა.
ახალი ვერსიით კი, 5 000 ლარიანი ჯარიმა, ან 60 დღიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.
_____
ქუთაისპოსტის ჟურნალისტის, ხვიჩა ვაშაყმაძის ადვოკატის შუამდგომლობა
მოსამართლემ, დააკმაყოფილა “ქუთაისიპოსტის” ჟურნალისტის , ხვიჩა ვაშაყმაძის ადვოკატის შუამდგომლობა, იმის თაობაზე, რომ ვაშაყმაძე პროტესტისას საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
ადვოკატმა აღნიშნულის დასტურად წარმოადგინა აქციის გაშუქების შედეგად გამოქვეყნებული მასალა.
_____
ამ დროისათვის სასამართლო პროცესზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება გამოიკვეთა.
მოსამართლის სახლის მიმდებარედ 30 წუთის განმავლობაში შეკრებილი მუსიკოსის, ჟურნალისტების და საკრებულოს წევრის საქმეზე, ადვოკატები სადავოდ ხდიან კანონდარღვევას, რადგან ირწმუნებიან რომ ტერიტორიულად პროტესტი საჯარო სივრცეში იყო.
მტკიცებულებად წარმოადგინეს საკადასტრო რუკები. მოსარჩელე მხარე საპირისპიროს ამტკიცებს.
სასამართლო დარბაზშივე გამოიკვეთა, რომ მოსამართლე ოქროპირიძე არაერთ ქონებას ფლობს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
_____
სასამართლო სხდომაზე უკვე დაიკითხა ჟურნალსიტი გელა მთივლიშვილი. გადაწყვეტილება, რომ ის პირველი ყოფილიყო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იქნა მიღებული. ის არ აღიარებს ბრალს და ირწმუნება, რომ პროტესტის გამართვისას არავის საკუთრებაში შესულან.
გარდა ამისა, აქციის დროს მათ გვერდით ორი სამართალდამცველი იმყოფებოდა, რომელთაც პროტესტის შეწყვეტისაკენ ან რაიმე ტიპის კანონდარღვევაზე არ მიუთითებიათ.
ჟურნალისტმა, რთული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომათა დარბაზი დატოვა.
_____
გელა მთივლიშვილის შემდეგ, დაიკითხა პედაგოგი ლადო აფხაზავა, რომელსაც იგივე კანონდარღვევას ედავებიან. აფხაზავაც არ აღიარებს ბრალს და ირწმუნება, რომ აქციაზე სპონტანურად, მაია ცირამუას ლექციის შემდეგ წასვლა გადაწყვიტა. ამასთან, პროტესტამდე კონსულტაცია იურისტთანაც გაიარა, შესაძლო კანონდარღვევის თავიდან აცილების მიზნით. მისივე თქმით, აქციას მას შემდეგ შეურთდა, რაც იურისტმა დაუდასტურა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერია. მან ასევე გაიხსენა უშუალოდ საპროტესტო აქციის დეტალებიც, როდესაც, მისივე თქმით, აქციაზე შეკრებილების პროვოცირებას თეთრი ფერის ავტომობილის მძღოლი, სახიფათო მანევრებით ცდილობდა. ლადო აფხაზავამ ხაზი გაუსვა, რომ მისი 25 წლიანი პედაგოგიური გამოცდილების პერიოდში მას არასდროს დაურღვევია კანონი.
____
“უკვე წლებია ჩემი მუსიკის ხმა არ ისმის… ჩემი ხმა ეკუთვნით სოციალურად დაუცველებს! ჩემი ხმა ეკუთვნით დევნილებს! ჩემი ხმა ეკუთვნის ემიგრანტებს!
დედებს, რომელთაც უკანონოდ ჰყავთ დაჭერილი შვილები,
ამიტომ ჩემი ხმა უნდა მიმეწვდინა მოსამართლისთვის,” – მომღერალ, ნინო ქათამაძის მიმართვა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე.
მისივე ჩვენების მიხედვით, ის პირადად აკონტროლებდა, პროტესტის დროს ერთი სანტიმეტრითაც არ შელახულიყო პირადი სივრცე.
“საიდანაც შემეძლო იქედან გავაგონე ხმა უსამართლო მოსამართლეს”,- თქვა ნინო ქათამაძემ. ამ სიტყვებზე პასუხად საქმის მოსამართლემ თავშეკავებისაკენ მოუწონდა.
ნინო ქათამძის შემდეგ, მოსამართლეს კიდევ ერთი ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, მაია ცირამუას ადვოკატმა მიმართა.
“თქვენ უნდა გადაწყვიტოთ გამოხატვის თავისუფლებასა და მოსამართლის სიმშვიდეს შორის … მოსამართლის სიმშვიდე არ დარღვეულა, პირიქით მოსამართლემ დაარღვია ამ ხალხის სიმშვიდე, რადგან სინდიდის პატიმრის საქმე არ განიხილა,”– ადვოკატის თქმით, ეს არის მისი დაცვის ქვეშ მყოფის, მაია ცირამუას პოზიცია.
სასამართლო სხდომაზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულთა ინტერესების დამცველების მხრიდან რამდენჯერმე ხაზგასმით აღინიშნა, რომ 26 იანვარს მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, ქუთაისში, გამართული საპროტესტო შეკრებისას მოსამართლის სიმშვიდე არ დარღვეულა. უფრო მეტიც, დაცვის მხარე ირწმუნება, რომ შსს-ს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ საცხოვრებელი სახლი ნამდვილად მოსამართლეს ეკუთვნოდა და უწყება მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილს საერთოდ არ დაკავშირებია.
_____
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების უფლებდამცველებმა კიდევ ერთი შუამდგომლობით მიმართეს მოსამართლეს. მათი მტკიცებით, მათთვის წაყენებული ბრალი საქართველოს კონსტიტუციის 21 მუხლს ეწინააღმდეგება, სწორედ აღნიშნული მუხლით არის გარანტირებული მოქალაქეებისათვის შეკრების თავისუფლება. აღნიშნულ შუამდგომლობას ყველა ადვოკატი ემხრობა. თუმცა, ბრალდების მხარის მტკიცებით, მოსამართლემ შუამდგომლობა არ უნდა დაუშვას, რადგანაც, მათი შეფასებით, დავის ხასიათიდან გამომდინარე, ის საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს.
მოსამართლე, ციცინო მოსიძემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მისი შეფასებით, დავა არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21-ე მუხლს.
_____
ამ წუთებში სასამართლოში ჩვენებას აძლევს ქუთაისის პირველი განყოფილების პირველი მოადგილე. მისი თქმით, აქციის დროს ის “შემოვლაზე იმყოფებოდა”, როდესაც “აღმოაჩინა”, რომ ოქროპირაშვილის სახლთან ხალხი იყო შეკრებილი, რომელთაც ხელში ბანერი ეჭირათ. მისის თქმით, ამ ადამიანებთან მას კომუნიკაცია არ ჰქონია.
განყოფილების თანამშრომელი ასევე ირწმუნება, რომ შემდგომ პატაკით წარსდგა უფროსის წინაშე.
ჩვენებისას, დაცვის მხარემ მას ჰკითხა, თუ ჰქონდა ინფორმაცია, მის სამოქმედო ტერიტორიაზე ვინ ცხოვრობდა? სამმართველოს თანამშრომლის თქმით: ” ძირითადი ცნობილი პირები ყველა ვიცი სად ცხოვრობს.”
შემხვდერი კითხვა, სამართალდამცველს სხვა “ცნობილი პირებიც” დაესახელებინა, ბრალდების მხარემ გააპროტესტა.
ამავე ეპიზოდში, სამართალდამცველის მიერ ჩვენების მიცემისას, მოსამართლემ დარბაზში მყოფთ მოუწოდა: “ჩაცინება და ღიმილები არ იყოს”.
_____
ჟურნალისტი, გელა მთივლიშვილი: “თუ შეესწარით დარღვევას, რა უნდა გაგეკეთებინათ? რას გავალებთ კანონი ? უნდა დადგეთ და გვიყუროთ?
სამართალდამცველი: “არ დამჭირვებია მოწოდება… ორი წუთი გავჩერდი.”
ჟურნალისტი აზუსტებს: “ორ წუთში რატომ ვერ მოასწარით მოწოდება?”
სამართალდამცველი: “უკვე იშლებოდით … და აღარ დამჭირვებია.”
ჟურნალისტი: “თქვენ ხართ უფროსის მოადგილე, (26 იანვრიდან) 6 თებერვლამდე რას ელოდებოდით? გადაწვეტილების მიმღეპი პირი ხართ.”
სამართალდამცველი: “ვადები არ დამირღვევია.. ბევრი საქმე მაქვს.”
ჟურნალისტი: “ანუ მნიშვნელოვანი საქმე არ იყო? რატომ დაგჭირდათ 10 დღე?”
____
ნინო ქათამაძე მოწმე სამართალდამცველს: როგორ ხართ ამ საქმის მოწმე თუ ბოლო წუთებზე მოხვედით და არც არავის დაურეკავს შეწუხებულს?
კითხვა არ გაგჩენიათ, მშვიდად დაურეკეთ მეუღლეს, როგორც ამბობთ, და რისი მოწმე ხართ აბა ?
____
ამ წუთებში დარბაზიდან გააძევეს დამსწრე. მოსამართლემ ბრძანა, რომ ქალს დაჯარიმებისათვის გამოართვან პირადობა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლის და მანდატურების მხრიდან დარბაზში შემდეგ შეძახილებს მოჰყვა:
“არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა!
თავისუფლება მზიას და პოლიტ. პატიმრებს!”
____
ლადო აფხაზავა სამართალდამცველს: სად წახვედით? რატომ არ გამოგვყევით?
იქნებ მეორე მოსამართლის სახლთან მივდიოდით?
მოწმე სამართალდამცველი: ჩვეულებრივ ქუჩაში დავრჩი. სხვა ქუჩაზე გადავედი.
დარბაზში სიცილია.
მოსამართლე: არაა სასაცილო
დარბაზი: სატირალია
____
ამ წუთებში მოწმის სახით ჩვენებას კიდევ ერთი სამართალდამცველი აძლევს. სამართალდამცველი: არაფერი ხდებოდა რომ მემოქმედა. ბილბორდი დაკეცეს და წავიდნენ. ლადო აფხაზავა: ვინმეს ზიანი მიადგა?
სამართალდამცველი: ფიზიკურად შეხება ეზოზე ან სახლზე ან დაპირისპირებას მოსამართლესთან ადგილი არ ჰქონია.
ლადო აფხაზავა: რადგან მეორე სამართალდამცველი მეუღლეს ესაუბრებოდა, თქვენ მოსულიყავით და გეთქვათ, რომ ვარღვევდით კანონს.
სამართალდამცველი: ჩემი უფროსი იყო ის და სუბორდინაცია დავიცავი.
ლადო აფხაზავა: ეს იგივეა, სკოლაში ბავშვი დაეცეს და დირექტორის მოსვლამდე არ წამოაყენო.
ამ დიალოგის დასასრულს, ნინო ქათამაძემ მოწმეზე ჩახუტება ითხოვა.
___
ადვოკატი: მაიორი ბრძანდებით და რატომ არ აღკვეთეთ?
ბრალდება: საიდან იცით (რომ მაიორია)?
ადვოკატი: პატაკში უწერია ჩინი თავად და ჩემი მეგობარია თან.
ადვოკატი: რატომ არ აღკვეთეთ? (ისევ მაიორს მიმართავს)
“თავისთვის აღიკვეთა” ამბობს, ჯერ მოსამართლე და შემდეგ იმეორებს მოწმეც.
მოსამართლე იცინის.
___
ბრალდება ჟურნალისტ, გელა მთივლიშვილს: თქვენ უკვე სამართალდამრღვევად ხართ ცნობილი. ორი ინსტანციის სასამართლომ გცნოთ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და ეს უნდა მიიღოს სასამართლომ მხედველობაში.
გელა მთივლიშვილი: მაგ საქმეში მე დაზარალებულიც ვარ და სტრასბურგშიც მაქვს საქმე. ბრალდება: ეგ არაა ამ შემთხვევაში საინტერესო.
გელა მთივლიშვილი: საქმეში დევს, რომ მე 2007 წლიდან ვარ დასაქმებული. საიდან გაქვთ ჩემი პერსონალური მონაცემები ?
ბრალდება: გაასაჩივრე თუ გნებავს
___
“არის გამონაკლისები, რომელთაც არ შეიძლება პატიმრობა შეეფარდოთ? და თუ არის რომელიმესთან გარემოებები: მკვეთრად შეზღუდული, ორსული ან არასრილწლოვანი ?” – იკითხა მოსამართლე ციცინო მოსიძემ და გამოაცხადა, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა დაასრულა.
___
,,მე არ ვცხოვრობ ისე როგორც ლადო აფხაზავას უნდოდა ცხოვრება … პირველად მიწევს ჩემი თავის დაცვა… ველოსიპედი მქონდა და ისიც მომპარეს.
ვინც აქ ვართ ჩვენ არ გვაქვს ისეთი შემოსავლები, რომ ამას გავუმკლავდეთ,“- ლადო აფხაზავა, მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი.
__
მოსამართლე: თქვენი ადვოკატი ითხოვს საქმის შეწყვეტას.
თქვენ თავითონ-შენიშვნა მომეცითო.
ლადო აფხაზავა: მე ვთვლი, რომ არ ჩამიდენია დანაშაული, მაგრამ თუ თქვენ ჩათვლით, რომ ჩავიდინე, მაგ შემთხვევაში გთხოვთ, რომ მომცეთ შენიშვნა.
მოსამართლე იღიმის.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ციცინო მოსიძემ, 9-ვე სამართალდამრღვევს ჯარიმის სახით 5 000 ლარის გადახდა დააკისრა.