,,გვენატრება ზამთარ-ზაფხულ წყალი…“

February 17, 2025

წალკის მუნიციპალიტეტში საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად პრობლემა ბევრია – მათ შორისაა უწყლოობაც. სწორედ ამ პრობლემის შესახებ წერდა წალკის სოციალურ ჯგუფში მოქალაქე 16 თებერვალს.

,,ერთი წუთითაც არ ვნანობ ჩემ დაწერილს, ადმინ რატო წამიშალეთ ჩემი წუხანდელი დაწერილი? ერთი წვეთი წყალი კიდე არ გამოუშვეს რო დასალევად ქე მაინც გამოვიყენოთ… … ჭელიძის ქუჩის ზედა ნაწილს გვენატრება ზამთარ- ზაფხულ წყალი!’’

პოსტის ავტორს სხვა მოქალაქეებიც გამოეხმაურნენ.

,,ჩვენც მიგვაყოლეს დღეს და ჩვენსკენაც არ გამოუშვეს. არა და 2 დღეში ერთხელ მოდის წყალი და ისიც 2 ან 3 საათით და ისიც დღეს არ გამოუშვეს და როდის იქნება კაციშვილმა არ იცის. ურეკავ და არც პასუხობენ ტელეფონზე რომ გაიგო როდის მოვა.“

ჩვენი რედაქცია პოსტის ავტორს დაუკავშირდა, თუმცა მან საუბარი არ ისურვა, ამ ეტაპზე აღარც პოსტი იძებნება წალკის სოციალურ ჯგუფში.

TOK.TV – ი წალკაში წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანიის მენეჯერს როინ ხაცავას დაუკავშირდა; ,,ყინვების გამო ძალიან დაიკლო წყლის რაოდენობამ, ყველა უშვებს და არ ჰყოფნის წნევა. ამიტომ დააკლდა წყალი ჭელიძის ქუჩას, გარდა ამისა, ქუჩაზე მიმდინარეობს წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, იდება ახალი მილები. ვცდილობთ მოსახლეობა უწყლოდ არ დაგვრჩეს. ამ ეტაპზე უწყლოდ არავინაა. მოსახლეობას მარაგები აღებული აქვს. ”

ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს.

Tags: