„კლიმატის კრიზისი არის ჯანმრთელობის კრიზისი – არა შორეულ მომავალში, არამედ აქ და ახლა,“ – ტედროს გებრეიესუსი, WHO-ს ხელმძღვანელი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, 2030–2050 წლებში კლიმატის ცვლილება ყოველწლიურად დაახლოებით 250 000 დამატებით სიკვდილს გამოიწვევს. ეს სიკვდილიანობა ძირითადად უკავშირდება:
- არასრულფასოვან კვებას;
- მალარიას;
- დიარეას;
- სიცხით გამოწვეულ სტრესს.
ბოლო კვლევების მიხედვით, მსოფლიოში საშუალოდ 546 000 ადამიანი იღუპება ყოველწლიურად სიცხესთან დაკავშირებული მიზეზებით, რაც კლიმატის დათბობასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, მხოლოდ ევროპაში 2024 წელს სიცხის გამო 62 700 ადამიანი გარდაიცვალა. წყარო: ( დააჭირეთ აქ )
ეს მსოფლიო სიკვდილიანობის დაახლოებით 9.4%-ს შეადგენს. კლიმატის ცვლილება XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევად მიიჩნევა. გარემოში მიმდინარე ცვლილებები, როგორიცაა გლობალური ტემპერატურის ზრდა, ექსტრემალური ამინდის მოვლენების გახშირება, ჰაერის დაბინძურება და ბუნებრივი რესურსების დეგრადაცია – მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ბოლო წლებში მეცნიერები და საერთაშორისო ორგანიზაციები სულ უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ კლიმატის ცვლილება არა მხოლოდ ეკოლოგიური და ეკონომიკური, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემაც არის.
კლიმატის ცვლილება მოქმედებს ჯანმრთელობის მრავალ ასპექტზე. იგი ზრდის ინფექციური და არაინფექციური დაავადებების გავრცელების რისკს, აუარესებს ჰაერის ხარისხს, საფრთხეს უქმნის საკვების უსაფრთხოებას და ზრდის ექსტრემალური სიცხის, წყალდიდობებისა და სხვა ბუნებრივი კატასტროფების გავლენას ადამიანებზე. ამ პროცესებს განსაკუთრებით მძიმედ განიცდიან მოწყვლადი ჯგუფები, მათ შორის ბავშვები, ხანდაზმული ადამიანები და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა.
კლიმატის ცვლილება როგორც გლობალური ჯანმრთელობის საფრთხე
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტზე – გარემოზე, ეკონომიკურ პირობებზე, სოციალურ სტრუქტურებზე და ჯანმრთელობის სისტემების ფუნქციონირებაზე.
კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობისთვის აუცილებელ რესურსებს, როგორიცაა:
- სუფთა ჰაერი;
- უსაფრთხო სასმელი წყალი;
- საკვების სტაბილური მიწოდება;
- უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო.

ამ ფაქტორების გაუარესებამ შესაძლოა შეამციროს ჯანმრთელობის სფეროში მიღწეული პროგრესი და გაზარდოს დაავადებების გავრცელება.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, კლიმატის კრიზისი „ჯანმრთელობის რისკის გამაძლიერებელი ფაქტორია“, რომელიც განსაკუთრებით მძიმე გავლენას ახდენს ღარიბ და მოწყვლად მოსახლეობაზე.
კლიმატის ცვლილების ძირითადი გავლენები ჯანმრთელობაზე
ექსტრემალური სიცხე
გლობალური დათბობის შედეგად იზრდება სიცხის ტალღების სიხშირე და ინტენსივობა, რაც ზრდის შემდეგ რისკებს:
- სითბური დარტყმა;
- დეჰიდრატაციაგულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავება;
- სიკვდილიანობის ზრდა.
კვლევების მიხედვით, სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობა მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო ათწლეულებში.
2025 წლის ანგარიშის მიხედვით, გლობალური ტემპერატურის ზრდა უკვე იწვევს ასიათასობით სიკვდილს წელიწადში სიცხის გამო.
ჰაერის დაბინძურება და რესპირატორული დაავადებები
კლიმატის ცვლილება ხელს უწყობს ჰაერის დაბინძურებას და ტყის ხანძრების გავრცელებას, რაც ზრდის:
- ასთმის;
- ქრონიკული ბრონქიტის;
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს;
- ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკს.
ტყის ხანძრების შედეგად წარმოქმნილი კვამლი განსაკუთრებით საშიშია, რადგან მასში არსებული მიკრონაწილაკები აზიანებს ფილტვებსა და გულს.

კლიმატის ცვლილება ბიომრავლფეროვნების სერიოზულ რისკს წარმოადგენს. ბიომრავალფეროვნებაში გვაქვს მედიკამენტების საწარმოებლად მთავარი ნედლეული. შესაბამისად, თუ კლიმატის ცვლილებამ ბიომრავალფეროვნება გაანადგურა, წამლების ხელმისაწვდომობა კითრხვის ნიშნის ქვეშ დადგება – კახა არცივაძე, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის “ნაკრესის” გამგეობის წევრი
კლიმატის ცვლილების გავლენა საკვებ უსაფრთხოებაზე
კლიმატის ცვლილების შედეგები ნეგატიურად ითარგმნება საკვებ უსაფრთხოებაზე. გვალვა, წყალდიდობა და სხვა კლიმატური მოვლენები ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას, რაც შედეგად ამცირებს მოსავალს, აძვირებს საკვებს, ზრდის არასრულფასოვანი კვების რისკს. ეს კი, განსაკუთრებით მძიმედ მოქმედებს ბავშვებსა და დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე.
კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც, რადგან ბუნებრივი კატასტროფები და ეკოლოგიური კრიზისები იწვევს:
- სტრესს
- დეპრესიას
- პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას
პრობლემის შემცირების გზები
ექსპერტები რამდენიმე ძირითად მიმართულებას ასახელებენ, რომლებიც ამცირებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ჯანმრთელობის რისკებს:
- სათბურის გაზების შემცირება
- განახლებადი ენერგიის გამოყენება
- ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება
- დაავადებების მონიტორინგი
- კლიმატთან დაკავშირებული რისკების პროგნოზირება
- ურბანული დაგეგმვა/მწვანე სივრცეების განვითარება
- სიცხის ტალღებთან ადაპტაცია
- მოსახლეობის ინფორმირება
ტემპერატურის ზრდა, ექსტრემალური ამინდი, ჰაერის დაბინძურება და დაავადებების გავრცელება ქმნის ახალ გამოწვევებს გლობალური ჯანმრთელობისთვის. ამიტომ მეცნიერები და საერთაშორისო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა არა მხოლოდ გარემოს დაცვის, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელოვანესი ნაწილი არის.
„ადამიანები იტანჯებიან. ადამიანები იღუპებიან. მთელი ეკოსისტემები იშლება,“ – გარემოსდამცველი, გრეტა ტუნბერგი. მა ეს სიტყვები, ნიუ-იორკში, “UN Climate Action Summit 2019”-ზე, გაეროს ტრიბუნიდან თქვა და მისი მთავარი მესიჯი იყო, რომ ხელისუფლებები და პოლიტიკოსები არ აკეთებდნენ საკმარისს კლიმატის კრიზისის შესაჩერებლად.