რამდენ საბაზისო სკოლას ემსახურება ტრანსპორტი და რა კრიტერიუმით ხდება ტრანსპორტის გამოყოფა – ახალქალაქი

February 10, 2021

რამდენი საბაზისო სკოლა ფუნქციონირებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში და მათგან რამდენთან მისასვლელად არის საჭირო ტრანსპორტი? ჩვენ ამ კითხვებით ახალქალაქის მერიას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს დავუკავშირდით და გავარკვიეთ, რომ სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს ტრანსპორტი იმ შემთხვევაში ემსახურებათ, თუკი დისტანცია 3 კმ.-ს და მეტს შეადგენს. 

ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი მანუჩარ მიქელაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში საბაზისო განათლების სულ 15 სკოლაა. მათგან რამდენი სკოლის მოსწავლეს ემსახურება ტრანსპორტი ვერ აზუსტებს.

“საბაზისო, ანუ 8 კლასიანი სკოლები მუნიციპალიტეტში სულ 15. აქედან რამდენი სკოლის მოსწავლეს სჭირდება ტრანსპორტის მომსახურება არ ვიცი, რადგან შესაძლოა ზოგი სკოლის მოსწავლე ახალქალაქში გადავიდეს სასწავლებლად, ზოგი – მეორე სოფელში,” – ამბობს მიქელაძე.

ახალქალაქის მერი, იურიკ უნანიანი ამბობს, რომ გარდა იმ სკოლებისა, რომელთაც ტრანსპორტით განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს, კიდევ 4 სოფლის მოსწავლეების ტრანსპორტირება ადგილობრივი ბიუჯეტიდან უფინანსდებოდათ, თუმცა კოვიდპანდემიის გამო ბიუჯეტი შეუმცირდათ და ტრანსოპრტის მომსახურებაც შეჩერდა.

“3 კმ.ზე ნაკლები თუა სოფლიდან სკოლამდე ინტერვალი სამინისტრო ტრანსპორტს არ უზრუნველყოფს. ამიტომ ჩვენ ჩვენი ხარჯებით გამოვუყეთ 4 სოფელს ტრანსპორტი, თუმცა პანდემიის გამო შეგვიმცირდა ბიუჯეტი და გაუუქმდათ,” – ამბობს უნანიანი.

ახალქალაქის მუნიციპალიეტეტის მერის ინფორმაციით, სკოლებსა და საბავშვო ბაღებამდე მოსწავლეთა ტრანსპორტირებისათვის მუნიციპალიტეტი ჯამში წლიურად დაახლოებით 130 000 ლარს ხარჯავდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 09 თებერვალს ადგილობრივი მოსახლეობა ჯავახეთის დეპუტატს, სამველ მანუკიანს შეხვდა, მათი მოთხოვნა სწორედ იმ სოფლების მოსწავლეებისთვის ტრანსპორტირების აღდგენა იყო, რომლებსაც მერია აფინანსებდა და პანდემიის გამო შემცირებული ბიუჯეტის მიზეზით შეაჩერეს.

Toktv.ge