გარდაბნის მერია არ ამხელს ვისთვის ყიდულობს 350 სასაჩუქრე პაკეტს, რომელშიც სხვა პროდუქტებთან ერთად რუსული ზეთი და ფქვილიც შედის და რისთვისაც ბიუჯეტიდან 38 850 ათას ლარს იხდის.
ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, თითოეული პაკეტი, მუყაოს ყუთში უნდა იყოს მოთავსებული და თეთრი ფერის ყუთზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის გერბი უნდა იყოს გამოსახული.
1 პაკეტი ბიუჯეტს 111 ლარი უჯდება.
საახალწლო ნაკრებში, საქართველოში წარმოებულ პროდუქტებთან ერთად რუსული წარმოებისაა ზეთი და ფქვილი, ბელარუსულია შედედებული რძე, აზერბაიჯანის წარმოებისაა ხილის კარამელი და შოკოლადი. ნაკრებშია ჩინური წარმოების 10 მეტრიანი საახალწლო ფერადი განათებაც.
ერთი პაკეტის შემადგენლობაშია: ორი შეკვრა შაქარი, ორი ცალი კარაქი, ორი შეკვრა კვერცხი, ერთი კილო ხილის კარამელი, ერთ კგ თაფლი, ორი ბოთლი ზეთი, 2 ცალი შედედებული რძე, ერთი შეკვრა გოზინაყი, 2 კგ ფქვილი, ორი ბოთლი ნატურალური წვენი, ერთი შეკვრა შოკოლადის კანფეტი, ერთი ბოთლი ღვინო და ფერადი საახალწლო განათება. ვისთვის ყიდულობს გარდაბნის მერია 350 ცალ სასაჩუქრე პაკეტს უცნობია.
ჩვენი რედაქცია დაუკავშირდა სატენდერო კომისიის ერთ-ერთ წევრს ლეილა ბენდელიანს, რომელმაც შეკითხვას, თუ ვისთვისაა განკუთვნილი საახალწლო სასაჩუქრე ნაკრები, ასე უპასუხა; ,, ვისთვისაც იქნებოდა საჭირო“.
Tok tv გარდაბნის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, კითხვით, ვისთვისაა განკუთვნილი საახალწლო პაკეტი, პრესსამსახურში გვითხრეს რომ საკითხს გაარკვევდნენ, შემდეგ კი დაგვიკავშირდნენ და გვთხოვეს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა.
ტენდერში გამარჯვებულია ,,შპს კვება 2024 “ და სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.