საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდნენ ახალციხის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები – ამის შესახებ მათ ინფორმაცია გაავრცელეს. ინფორმაციის მიხედვით, პროტესტი დღეს 08:30 ზე, სკოლის შესასვლელთან უნდა გამართულიყო. ჩვენ ადგილზე თითქმის ერთი საათი ვიყავით, თუმცა მოსწავლეები და მასწავლებლები არ გამოჩენილან.
რა მოხდა
გუშინ, ახალციხის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, მარიკა გოგოლაძემ, საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქციის გამართვა იგეგმებოდა და ამას ყველანაირ ზღვარს გაცდენა უწოდა: “ნუ რთავთ ბავშვებს ამ სიბინძურეში,” – წერს გოგოლაძე.
დავუკავშირდით მარიკა გოგოლაძეს, მან გვითხრა, რომ მისთვის მიუღებელია მოწოდება აქციის მოწყობასთან დაკავშირებით.
“ჩემს შვილს რომ მოუწოდებს ვიღაცა აქციაზე მოდიო ეს არ არის ზეწოლა მათი მხრიდან? დღეს ჩემი შვილები არ გავუშვი სკოლაში. ვისაც უნდა გააპროტესტოს, მაგრამ ეს მოწოდებები არის ზედმეტი.
ძალადობას ვგმობ, მიუღებელია, მაგრამ მშვიდობიანი პროტესტი არის სულ სხვა რამე, მაგრამ რასაც ვუყურებთ სულ სხვა რამეა. ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც ძალას გადაამეტებს , მაგრამ, მშვიდობიანი მომიტინგეები იქ არ არიან,” – გვითხრა გოგოლაძემ.
დავუკავშირდით სკოლის დირექტორს, ჟუჟუნა გოგოლაძესაც, თუმცა მას შემდეგ რაც გაიგო თუ საიდან ვურეკავდით გვითხრა, რომ გაკვეთილზე იყო და ტელეფონი გაგვითიშა.
აქვე გეტყვით, რომ “ქართული ოცნების” მიერ, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილებას მწვავე რეაქცია მოჰყვა მოქალაქეების, აქტივისტების, მოსწავლეების და საჯარო მოხელეების მხრიდან. საპროტესტო აქციაზე ოფიციალური მონაცემებით დაშავდა 60-ზე მეტი მედიის თანამშრომელი.
სპეცრაზმის წარმომადგენლებმა არაერთ მშვიდობიან მოქალაქეზე იძალადეს. გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი.
სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სკოლების ნაწილმა სასწავლო პროცესი დროებით შეაჩერა და გაფიცვის რეჟიმში გადავიდა. გაიფიცნენ საჯარო სკოლების ცალკეული კლასებიც მათ შორის, ახალციხის 6-ე სკოლის 11-ე კლასის მოსწავლეებმა დღეს დაფაზე დააწერეს, რომ საგაკვეთილო პროცესს არ დაესწრებიან.