ქალაქ ბორჯომში, “პლატოზე” 4,9 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ტყის სტატუსი მოეხსნა, რომელიც პირობებიან აუქციონზე გაიტანეს, სადაც საწყისი ფასი 3,94 მილიონი ლარია, – ინფორმაციას “ბათუმელები” “ქართული ოცნების” მთავრობის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დოკუმენტის მიხედვით, მიწის მომავალი მფლობელი ვალდებული იქნება, ტერიტორიაზე „გამაჯანსაღებელ-დასასვენებელი კომპლექსი“ მოაწყოს.
„განხორციელდეს სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირება და სახელმწიფო ტყის სტატუსი შეუწყდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბორჯომში, ‘პლატოზე’ მდებარე 49 246.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო [სახელმწიფო ტყის ფონდი] დანიშნულების მიწის ნაკვეთს,” – ნათქვამია მთავრობის 2025 წლის 1-ელი ოქტომბრის განკარგულებაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, დოკუმენტს ხელი ” ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
ამავე განკარგულებით, ინვესტორმა უნდა განახორციელოს მინიმუმ 2 მილიონი ლარის ინვესტიცია და ხელშეკრულების გაფორმებიდან 32 თვის ვადაში უნდა შეიქმნას გამაჯანსაღებელ-დასასვენებელი კომპლექსი, რომელიც მოიცავს, ღია ან დახურული ტიპის აუზ(ებს); სპორტული მოედნებს (ჩოგბურთისა და პადელის ჩათვლით); არანაკლებ 30 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომ(ებს); გარე განათებას და ტერიტორიის გამწვანებას.
მეტი დეტალის გასარკვევად ჩვენ დავუკავშირდით მთავრობის ადმინისტრაციას თუმცა აქ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.