ახალციხეში აშენებული თავშესაფარი ბოლო ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთმა პირმა გამოიყენა

November 19, 2025

ახალციხეში აშენებულ თავშესაფარს, სადაც ერთდროულად 20 ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი, ბოლო ორ წელში მხოლოდ 1 ბენეფიციარი ჰყავდა – ვრცლად ნახეთ სიუჟეტი

ტექსტი:

ეს ახალციხის თავშესაფარია ადამიანებისათვის, რომელთაც ღამის გასათევი არ აქვთ. შენობა ქალაქგარეთ, დაუსახლებელ ველზე დგას. აქ მოსასვლელი საავტომობილო გზაც დაზიანებულია. ღამის გასათევი ახალციხის ააიპ “სათნოების სახლს” ეკუთვნის. მისი დირექტორის, ვერა ბარძიმაძის თქმით, შენობა ბოლო ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთმა პირმა გამოიყენა, რომელიც 2024 წლის 25 დეკემბრიდან, 2025 წლის 13 მარტამდე ღამეს აქ ათენებდა.  თავშესაფარს ჯამში ორი თანამშრომელი ჰყავს: ორივე დარაჯი. რამდენია მათი თვიური ანაზღაურება? -ახალციხის მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ.

ჩვენი გადამღები ჯგუფი დღეს ადგილზე იმყოფებოდა. დაახლოებით პირველი საათისათვის ტერიტორიაზე არავინ იმყოფებოდა,  არც პერსონალი და არც ბენეფიციარები. ჩვენი მისვლიდან ცოტა ხანში ადგილზე თანამშრომლები და ააიპის ხელმძღვანელი, ვერა ბარძიმაძე გამოჩნდნენ. ბარძიმაძემ თავშესაფარში პერსონალის არ ყოფნა შემდეგნაირად განმარტა, გვითხრა, რომ დღეს ერთ ბენეფიციარს ელოდნენ, რის გამოც თანამშრომლები ლოჯისტიკური საკითხების განსახილველად თავისთან ჰყავდა დაბარებული.

რაც შეეხება თავშესაფარს – შენობა 2016 წელს აშენდა და ვერა ბარძიმაძის თქმით, მასში შესაძლებელია ერთდროულად 20 ადამიანის განთავსება, თუმცა ღამის გასათევად მოსულმა ადამიანმა დილის 10 საათისთვის შენობა უნდა დატოვოს. აიპის ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ შენობაში დარჩენის სერვისი კვებას არ ითვალისწინებს, შესაბამისად მას არც სამზარეულო აქვს. შენობაში არის საძინებელი ოთახები და სააბაზანო.

ვინ შეძლებს თავშესაფარში ღამის გათევას? – ბარძიმაძე ამბობს, რომ ამას მერიასთან კოორდინაციით გადაწყვეტენ. ვერა ბარძიმაძე პროცედურებზე გვესაუბრება.

2022 წელს, ააიპის ანგარიშის წარდგენის დროს, დირექტორმა გვითხრა, რომ 7 წლის განმავლობაში შენობაში ღამე ჯამში სამმა პირმა გაათია. ამავე დღეს, ბარძიმაძემ თქვა, რომ 2022 წლის ბიუჯეტიდან, შენობის მეთვალყურეთა ხელფასებისთვის 11 000 -ზე მეტი ლარი დაიხარჯა.

ჩვენთვის უცნობი დარჩა თუ რამდენი ლარი გაიხარჯა 2025 წელს და რამდენია გათვალისწინებული 2026 წლის ბიუჯეტში კონკრეტულად შენობის მოვლა პატრონობისთვის, – ბიუჯეტის პროექტში ამის შესახებ მითითებული არ არის, ხოლო ხარჯებზე ააიპის დირექტორმა რაც გვითხრა, სიუჟეტის დასაწყისში უკვე შემოგთავაზეთ. 

რაც შეეხება ააიპ სათნოების სახლის ბიუჯეტს, რომელიც გარდა თავშესაფრისა აერთიანებს სოციალურ სასადილოსაც, ახალციხის მუნიციპალიტეტის წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, ააიპისთვის 2026 წელს 340 000 ლარია გათვალისწინებული.