117 TSERETELI AVENUE, TBILISI GEORGIA

12+

დეზინფორმაცია განკუთვნილი დაყოფისთვის – რუსეთის მიზნები რეგიონში

ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889

  • პრინსტონის უნივერსიტეტის 2019 წლის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში გავრცელებული დეზინფორმაციის 70% რუსეთიდან მოდის. 
  • GRASS-ის მიხედვით, საქართველოში რუსეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის 16,6 % ევროკავშირის საწინააღმდეგო, 6,2 % კი NATO-ს საწინააღმდეგო მიზნებს ემსახურება.  
  • რა მეთოდებით ავრცელებს რუსეთი ყალბ ინფორმაციას და როგორია პასუხი რუსულ დეზინფორმაციაზე იმავე რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში, რომელიც რუსეთის სამიზნე გახდა.
  • საკითხებზე დარგის მცოდნეების და ექსპერტების მოსაზრებებს მოვუყარეთ თავი #რეპორტაჟი

ხისტი თუ რბილი ძალა, ტერიტორიების ოკუპაცია თუ საინფორმაციო ომი, დეზინფორმაციული ყალბი გზავნილებით — რუსეთი საქართველოზე გავლენის მოხდენას, ექსპანსიური პოლიტიკის გატარებას არაერთი მეთოდით ცდილობს, მათ შორის ეთნიკური თუ რელიგიური შუღლის გაღვივებით. დეზინფორმაციული გზავნილების სამიზნედ კი ხშირად მოწყვლადი ჯგუფები შეირჩევა. 

7 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში ადამიანის უფლებების შესახებ, რომელშიც ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად საქართველოზეც არის საუბარი.  ჩვენი ქვეყნის შესახებ თავში დოკუმენტის შემდგენებს გამოყენებული აქვთ საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების დასახელებებიც, მაგალითად «Human Rights Watch»-ზე დაყრდნობით წერენ საქართველოში სიღარიბესა და უმუშევრობაზე. აქვე მეტი დამაჯერებლობისთვის დაინახავთ ომბუდსმენის ნინო ლომჯარიას სახელსაც, ეუთოს აბრივიატურასაც და ევრო საბჭოს კომიტეტსაც. ნაწილობრივი სიმართლე დეზინოფმრაციული გზავნილებით გრძელდება და საქართველოს ეპიზოდის დასასრულს ვკითხულობთ თითქოსდა: “სომხური თემი წლებია საუბრობს სამცხე-ჯავახეთისთვის ავტონომიაზე, ხოლო აზერბაიჯანელები ქვემო ქართლიდან გამოდიან ადგილობრივ ორგანოებში ფართო წარმომადგენლობის მინიჭების მოთხოვნით”

რუსეთის მიერ შეთხზულ სიმართლეს დაშორებულ ამ წინადადებას საინფორმაციო ომის ხელსაწყოდ აფასებენ ექსპერტები. «უნდა დავინახოთ ფართო სურათი» გვეუბნება მედიაექსპერტი და თსუ-ს პროფესორი, ნათია კუპრაშვილი.

რუსეთი ეთნიკური შუღლის გასაღვივებლად ყალბ ინფორმაციას წლებია აქტიურად იყენებს. GRASS-ს და MDF-ის ანგარიშების მიხედვით, სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება ყარაბაღის კონფლიქტის დროს გავრცელებული დეზინფორმაცია თითქოსდა საქართველომ ყარაბაღის ომში ღია მხარდაჭერა თურქეთს გამოუცხადა ან თითქოს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომხები საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში „დამოუკიდებლობას“ მოითხოვდნენ. მსგავსი უსაფუძვლო თეორიები რომ სიყალბეა გვეუბნებიან სამცხე-ჯავახეთში წლებია მოქმედი მედია ორგანიზაციები.

კონკრეტული ანგარიში ის არც თუ ისე ხშირი შემთხვევაა, როდესაც მედიის წარმომადგენლების და დეპუტატების მოსაზრებები ემთხვევა. ჯავახეთში თითქოსდა ავტონომიის მოთხოვნის შესახებ საზოგადოების სურვილი რუსული პროვოკაციაა მაჟორიტარი დეპუტატისთვის, სამველ მანუკიანისთვისაც.

 ექსპერტთა წრის შეფასებით, რუსეთის მიერ ყალბი ინფორმაციის გამიზნული გავრცელება ჩვენი ქვეყნის შიგნით საზოგადოების გახლეჩას და საგარეო კურსის შეცვლას ისახავს მიზნად. «ჩვენი ღია ევროატლანტიკური მისწრაფებები არ არის რუსეთის ინტერესებში, შესაბამისად იგი მსგავს გზავნილებს იყენებს”,- გვეუბნება პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ალიკა გუჩუა.

“საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ შემოიღეს არაერთი კანონი, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებს უზღუდავს საკუთარი ენების გამოყენებას” — კიდევ ერთი სიყალბე რუსეთის ანგარიშიდან.  სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს წარმომადგენელი, დავით ძიძიშვილი დეზინფორმაციის გავრცელების იმ ტაქტიკაზე გვესაუბრება, რომელსაც რუსეთი ასე აქტიურად მიმართავს.

როგორია პასუხი რუსულ დეზინფორმაციაზე იმავე რეგიონში  სამცხე-ჯავახეთში, რომელიც რუსეთის სამიზნე გახდა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალქალაქის ბიუროს ხელმძღავნელი ამბობს, რომ დეზინფორმაციის გავლენის შესამცირებლად კომპლექსურ მიდგომებს იყენებენ. 

მნიშვნელოვანია რომ რუსული დეზინფორმაციის გავრცელების ხელწერის ანალიზისას მკვლევრები საერთო ტაქტიკას აკვირდებიან, რომელიც გამოყენებული საქართველოს მსგავსად სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ბალტიისპირეთშიც, სადაც სწორედ ეთნიკური უმცირესობების თემით მანიპულირების და შუღლის გაღვივების არაერთი მცდელობაა აღწერილი.