ფსიქოტროპული წამლების საკითხის გაშუქების შემდეგ ანტონ ობოლაშვილი დაგვიკავშირდა

ჩვენ მიერ მომზადებული მასალის «ახალციხეში ფსიქოტროპულ წამლებს ორ თვეზე მეტია ვერ იღებენ » გამოქვეყნების შემდეგ, დაგვიკავშირდა სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი და საკითხის გარკვევას დაგვპირდა. მისივე, თქმით პრობლემაზე პასუხისმგებელ უწყებებთან კომუნიკაციის შემდეგ შეძლებს თემაზე კომენტარის გაკეთებას.   

შეგახსნებთ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში უკვე ორ თვეზე მეტია ექიმის მიერ დანიშნულ ფსიქოტროპულ წამლებს მოსახლეობა ვერ ყიდულობს. მედიკამენტების შეძენის პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც წამლის ყიდვისთვის გამოყოფილ ერთადერთ  აფთიაქში ფარმაცევტს ლიცენზია შეუჩერდა.​

ამ პრობლემის დეტალებზე ჩვენი რედაქცია გასულ თვეშიც მუშაობდა: ახალციხეში მცხოვრებლები ექიმების მიერ დანიშნულ ფსიქოტროპულ წამლებს ვერ იღებენ. მაშინ გავარკვიეთ, რომ მიზეზი კვალიფიციური ლიცენზირებული კადრის არყოლაა. ერთადერთ აფთიაქში, სადაც ფსიქოტროპულ წამლებს გასცემდნენ ლიცენზირებული ფარმაცევტი ამ დრომდე არ ჰყავთ. 

მაშინ აფთიაქში, სადაც აღნიშნული წამლები გაიცემა გვითხრეს, რომ ფარმაცევტს ლიცენზია შეუჩერდა და წამლებს მანამ ვერ გასცემენ, სანამ სპეციალისტს არ აიყვანენ. ხელახალი გადამოწმების შედეგად სააფთიაქო ქსელში გვითხრეს, რომ პრობლემა ერთი თვის თავზეც მოუგვარებელია. 

რეგიონის მასშტაბით ამ კატეგორიის მედიკამენტები 500-ზე მეტ პირს სჭირდება. პრობლემის შესახებ ინფორმაციას ფლობენ ჯანდაცვის სამინისტროში. ჩვენ თემაზე მუშაობას ვაგრძელებთ.