“ერთობაში საერთო ქრისტიანული და ისტორიული ღირებულებები ვიგულისხმე”- მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში ვიზიტზე

November 20, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი გვეუბნება, რომ სიტყვებში “ვერავინ და ვერაფერი გაანადგურებს ჩვენ ერთობას”, რუსეთსა და საქართველოს დამაკავშირებელ საერთო ქრისტიანულ და ისტორიულ ღირებულებებს გულისხმობს და დეკანოზ ნიკოლაი ბალაშოვის კომენტარი “პერიფრაზია”.

“დეკანოზ ნიკოლაი ბალაშოვის კომენტარი არის ჩემი სიტყვების პერიფრაზი, სადაც ერთობაში იგულისხმება ის საერთო ქრისტიანული და ისტორიული ღირებულებები, რაც საქართველოსა და რუსეთს ერთმანეთთან აკავშირებს. ის, რომ რუსეთის სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და რომ რუსული სახელმწიფოებრივი მოწყობა ჩვენთვის მიუღებელია, ისევე, როგორც მოსკოვის საპატრიარქოს ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სულაც არ ცვლის ფაქტს, რომ წმ. ანდრეი რუბლოვი გენიალური რუსი ხელოვანი იყო, ან ანდრეი ტარკოვსკი გენიალური რეჟისორი,” – მოგვწერა მიტროპოლიტმა.

ჩვენ ასევე ვკითხეთ, თუ რატომ იყო წასული მოსკოვში და იცოდნენ თუ არა ვიზიტის შესახებ საპარტიარქოში? გვპასუხობს, რომ დავით არსენიშვილისთვის მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, სადაც მუზეუმის წამომადგენლებმა მიიწვიეს. საპატრიარქოსთან დაკავშირებით კი მან კომენტარი არ გააკეთა.

“დავით არსენიშვილმა ჯერ საქართველოში დააარსა მთაწმინდის პანთეონი, ლიტერატურის, თეატრისა და კინოს მუზეუმები, დანგრევას გადაარჩინა ანჩისხატის ეკლესია. მოგვიანებით, რუსეთში დააარსა ანდრეი რუბლოვის მუზეუმი და განადგურებას გადაარჩინა მისი ხატები. წელს მისდამი მიძღვნილი მე-8 კონფერენცია გაიამრთა და მუზეუმის მიწვევით მოხსენება წავიკითხე.”

კითხვაზე: როგორ მიიღებს თქვენს განცხადებას საზოგადოება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის, კონკრეტულად კი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში? პასუხი არ გაგვცა.

როგორც იგი გვეუბნება დღეს საქართველოში ბრუნდება.

რა მიზეზით იმყოფებოდა  ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში და იცოდნენ თუ არა ამის შესახებ საპატრიარქოში? როგორც საპატრიარქოში გვითხრეს, მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს რუსეთში ვიზიტის შესახებ საპატრიარქოსთვის წინასწარ არ უცნობებია და ეს მათთვისაც “მოულოდნელი იყო”.

მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ვიზიტის შესახებ 17 ნოემბერს გახდა ცნობილი. ინფორმაცია მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მღვდელმა ნიკოლაი ბალაშოვმა Facebook-ზე დაწერა.