მკოიან-პეტროსიანის საქმე – სასამართლო პროცესი

July 29, 2020

ენზელ მკოიანსა და სამველ პეტროსიანს შორის მომხდარი დაპირისპირების მომდევნო სასამართლოს სხდომა 11 აგვისტოსთვის ჩაინიშნა. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ, წინასასამართლო სხდომაზე მიიღეს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ანაიდა ოგანეზიანმა, არ დააკმაყოფილა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის, სამველ პეტროსიანის ადვოკატის შუამდგომლობა. იგი რიგი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას მოითხოვდა.

„ჩვენ გვინდოდა რიგი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა: ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი, ნიმუშების აღების ოქმი. თუმცა სასამართლომ სრულად დაუსაბუთებლად გამოიტანა გადაწყვეტილება. პეტროსიანის უფლება იყო დარღვეული, რადგან დაკავების დროს მას არ ჰყავდა ადვოკატი და მან ვერ მიიღო იურიდიული კონსულტაცია, ვერ შეაფასა პოზიციები,“ – გვეუბნება ადვოკატი.

მისივე თქმით, აუცილებელია ყველა მტკიცებულების დეტალურად შესწავლა.

„მიგვაჩნია, რომ ყველა მტკიცებულება უნდა იყოს განხილული და შესწავლილი დეტალურად, რადგან გამოძიებამ სასამართლოზე ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები წარადგინა.“

ჩვენ დავუკავშირდით მმართველი პარტიის დეპუტატის ენზელ მკოიანის ადვოკატს, ტარიელ მურვანიშვილს. მისი თქმით, ვიდეოები რომელიც მედიაში გავრცელდა არის “დაჩეხილი“ და ამოვარდნილია კონტექსტიდან.

„ეს ვიდეოები არის დაჩეხილი, ამოვარდნილია კონტექსტიდან. ვიდეოს სრული შემადგენლობა არ არის გამოქვეყნებული, როგორ დაიწყო და როგორ განვითარდა მოვლენები. რეალურად სამველ პეტროსიანი რომ მოდის დამთავრებულია უკვე სიტყვიერი კონფლიქტი და დეპუტატს მიჰყავს თავისი მომხრეები სახლისკენ. ამ დროს მოდის პეტროსიანი და იწყებს ენზელ მკოიანის მიმართულებით სროლას, რომელსაც ვერ აჩერებს სამი პოლიციელი – ეს კადრები მოჭრილია,“ – გვეუბნება ადვოკატი.

რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ადვოკატი თვლის , რომ „მკოიანის მიმართ არ უნდა იყოს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი“.

რამდენიმე თვის წინ, TOK TV-ს დეპუტატმა მკოიანმა უთხრა, რომ მის ძმის შვილს დაპირისპირების დროს ხელში „სათამაშო“ იარაღი ეჭირა. იგივეს იმეორებს ადვოკატიც.

„გამოძიებით დადგენილია, რომ არმენ მკოიანს ხელში ეკავა მხოლოდ სასიგნალო პისტოლეტი, რომელიც არ ისვრის და გამოსცემს მხოლოდ ხმას. აქედან გამომდინარე მართლაც სათამაში პისტოლეტია.“

საქმე ეხება 26 მარტს , ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებას, რომლის საფუძველზეც ყოფილ დეპუტატს და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელს, სამველ პეტროსიანს და “ქართული ოცნების” დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მათ საპატიმრო მოგვიანებით გირაოთი დატოვეს.

ავტორი: მიშო დარბაიძე

Leave a Reply