ნებართვამდე დაწყებული მშენებლობა – გამჭვირვალობის კვლევა

April 10, 2020

ახალციხის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე , მამუკა მიქელაძე ბენზინგასამართ სადგურს კანონდარღვევებით აშენებს – დასკვნა “საერთაშორისო გამჭვირვალობა, საქართველოს” ეკუთვნის.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მიქელაძემ ბენზინგასამართ სადგურის მშენებლობა საკუთარ მიწაზე ნებართვის გაცემამდე დაიწყო.

მიქელაძემ მერიისგან მშენებლობის ნებართვა განაცხადის შეტანიდან ორთვენახევრის შემდეგ მიიღო. მას შემდეგ ,რაც თემასთან დაკავშირებით მერიას “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ” მიმართა. ამ დროს მიქელაძეს მშენებლობა უკვე დაწყებული ჰქონდა.

კვლევის თანახმად, ავტოგასამართი სადგური ფარავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს და მიქელაძეს ნაკვეთს, რომელსაც ყადაღა ადევს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი თამუნა უჩიძე გვიყვება:

თამუნა უჩიძე

უჩიძეს თქმით, გაცემულ სამშენებლო ნებართვაზე ზედამხედველობა მერიას არ განუხორციელებია. მეტიც, ამის შესახებ მერიას ორგანიზაციამ შეატყობინა. იგი ასევე შესაძლო კორუფციულ რისკებზე გვესაუბრება.

თამუნა უჩიძე

სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო გვიდასტურებს, რომ ადგილი აქვს კანონდარღვევას და ახალციხის მერიაში შესაბამისი წერილიც გადაგზავნილი აქვთ.

“არის სახელმწიფო მიწების გადაფარვა, რომელიც კანონდარღვევაა. ჩვენ მერიას გადავუგზავნეთ შესაბამისი წერილი. ახლა უკვე მერიაა ვალდებული განიხილოს და დააჯარიმოს კანონდამრღვევი,“ – ამბობენ უწყებაში.

ჩვენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასაც დავუკავშირდით. უწყებაში იციან აღნიშნულის შესახებ და განმარტავენ, რომ მიმდინარეობს შესაბამისი საქმის წარმოება თუმცა რა პროცედურებს ატარებენ უცნობია.

„აღნიშნულთან დაკავშირებით ცნობილია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისთვის. ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები და ადმინისტრაციული საქმისწარმოება.“ – განმარტავენ უწყებაში.

ჩვენ ამ დრომდე ვცდილობთ დავუკავშირდეთ საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს “ქართული ოცნებიდან”, მამუკა მიქელაძეს თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

მამუკა მიქელაძემ 2019 წლის 4 ოქტომბერს შპს „ატლანტ ოილი” დააფუძნა, რომლის დირექტორი თავადაა და 50% წილს ახალციხელ ბიზნესმენთან, იმედა მუმლაძესთან იყოფს. ასევე მან საკუთარ თავს ახალციხეში, 275 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაუკანონა. მაშინ , როდესაც იგი „საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიას” ხელმძღვანელობდა. – ნათქვამია განცხადებაში.

Leave a Reply