ოთხ შენობას წაუკიდეს ცეცხლი, ეს ჩხუბის გაგრძელება იყო – ახალქალაქის მერი

August 8, 2020

ახალქალაქის მერი, იურიკ უნანიანი მუნიციპალიტეტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მან დეტალები არ იცის და გამოძიება დაადგენს რა მოტივით მოხდა დაპირისპირება მხარეებს შორის.

„იყო აურზაური, იყო ჩხუბი და მსხვერპლიც მოყვა, თუმცა მოტივი მე არ ვიცი რატომ დაიწყეს ჩხუბი. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. არც ისინი ვიცი ვინ ჩხუბობდა ან ვინ მოკვდა. მე როცა მივედი ადგილზე უკვე დამთავრებული იყო დაპირისპირება.”

მისივე თქმით, დაპირისპირების გაგრძელების შედეგი იყო სახლების გადაწვაც. “ოთხ შენობას წაუკიდეს ცეცხლი. ეს ჩხუბის გაგრძელება იყო. ახლა მე მერიაში ვარ.“ – გვეუბნება მერი.

ახალქალაქში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა, რის შედეგადაც ერთი პირი გარდაიცვალა. ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

შსს-მ გამოძიება სსკ-ს 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-შეძენა-ტარებას გულისხმობს.

ავტორი: მიშო დარბაიძე

Leave a Reply