უნწაში კათოლიკეებს სამლოცველო არ აქვთ, ძველ შენობას ანგრევენ

September 14, 2022

ადიგენის სოფელ უნწაში, ყოფილი კულტურის სახლის შენობაში კათოლიკე მრევლი, 15 წლის განმავლობაში წირვა–ლოცვებს აღავლენდა, თუმცა უკვე ერთი წელია მერიის მოთხოვნით შენობა დაცალეს. გადაწყვეტილების მოტივი შენობის რეაბილიტაცია იყო, თუმცა ამ დრომდე ყოფილი კულტურის ცენტრი არ შეკეთებულა. 

როგორც მედია პლატფორმა, კათოლიკ მედია წერს, 14 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, საქართველოში კათოლიკე ეკლესია უნწის საკრებულოს დღეობას აღნიშნავდა. ამავე წყაროს ცნობით, შენობა სწორედ ჯვართამაღლების პატივსაცემად ეკურთხა და წლების განმავლობაში კათოლიკური წირვაც აღევლინებოდა.

როგორც მერი, გოჩა ქიმაძე გვეუბნება, ზემოთხსენებულ შენობაში ლოცვას ატარებდნენ როგორც კათოლიკეები, ისე მართლმადიდებლები, თუმცა შენობის პირვანდელი სახის დაბრუნების მიზნით შენობა ორივე კონფესიას დააცლევინეს. მერისვე თქმით, შენობა უნდა დაინგრეს და “სახსრების შემთხვევაში, ახლად აშენება იგეგმება

კითხვაზე, განიხილავენ თუ არა ალტერნატიული ფართის გამოყოფას სალოცავის გარეშე დარჩენილი მრევლისთვის? მერი გვპასუხობს, რომ ამ ეტაპზე სოფელ უნწაში სხვა ფართი არ აქვთ, ხოლო თუ კათოლიკეები ეკლესიის აშენებას დაიწყებენ, მერია მცირედით დაეხმარება. 

ჩვენ ასევე გვინდოდა დავკავშირებოდით სოფელ უნწის ვიკარს, მამა ბექა ჩილინგარაშვილს. იგი ჩვენ შეტყობინებებს არ პასუხობს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით იგი ღაზახეთში პაპთან შეხვედრაზეა. მასთან დაკავშირების შემდეგ მასალა შესაბამისად განახლდება. 

აქვე გეტყვით, რომ აღნიშნულ შენობაში კათოლიკე მორწმუნეები წირვას 15 წლის განმავლობაში ატარებდა, ბავშვებისთვის სხვადასხვა ღონისძიება იმართებოდა, იყო ხელსაქმის კურსები. 

ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს.