არჩევნები, პანდემია, მედიის თავისუფლება, შრომითი უფლებები -HRW-ის ანგარიშში საქართველოზე

January 14, 2021

Covid-19 და ადამიანის უფლებები, საპარლამენტო არჩევნები, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება, მედიის თავისუფლება, შრომითი უფლებები, სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა, ნარკოპოლიტიკა და ა.შ. – ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომელთაც Human Rights Watch-მა 2020 წლის ანგარიშში ვეცნობით. 

რა წერია ანგარიშში: 

Covid-19 და ადამიანის უფლებები

პანდემიამ დამანგრეველი ზეგავლენა იქონია ეკონომიკაზე, რომელიც მეორე კვარტალში 16%-ზე მეტით შემცირდა, რამაც უმუშევრობის და სიღარიბის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. – ვკითხულობთ ანგარიშში. დოკუმენტში შეფასებულია ხელისუფლების მიერ კრიზისის მართვა. 

“ოქტომბერში დანიშნულ არჩევნებამდე 3 თვით ადრე ხელისუფლებამ 132 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებითი ანტიკრიზისული ღონისძიებების გატარების შესახებ განაცხადა, რაც სოციალური დახმარების გაცემასაც მოიცავდა. ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფებმა ხელისუფლების ეს ნაბიჯები „ამომრჩეველთა მოსაზიდ მანიპულაციად“ შეაფასეს.”

ანგარიშში ადგილობრივი უფლებადამცველების მოსაზრებებია მოყვანილი საგანგებო მდგომარეობის მიზნობრიობის შეფასებისას. “ხელისუფლებისთვის ფართო უფლებამოსილების ასეთი ფორმით, საპარლამენტო კონტროლის გარეშე, მინიჭება ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა.” – წერია ანგარიშში. 

საპარლამენტო არჩევნები

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი შეფასებით, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, მაგრამ მისადმი ნდობას „ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები“ ამცირებდა.

“ეუთო-ს წინასწარი დასკვნით, არჩევნები ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, მაგრამ „მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება“ საარჩევნო პროცესისადმი ნდობას ამცირებდა. ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ამ არჩევნებს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს შორის „ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი“ უწოდეს. “

დოკუმენტში აღნიშნულია, ისიც, რომ არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს შორის იყო ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები, კენჭისყრის ფარულობის მრავლობითი დარღვევა და ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევები.

ორგანიზაცია საუბრობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე, რომლის საფუძველზეც შეიცვალა საარჩევნო სისტემა და მაჟორიტარების რიცხვი 30-მდე შემცირდა. 

მედიის თავისუფლება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები, მთავარი არხის რეპორტაჟზე დაწყებული გამოძიება, ცვლილებები „საქართველოს კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“- ის საკითხებია რაზეც ორგანიზაცია მედიის თავისუფლების თავში ყურადღებას ამახვილებს. 

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებით, „კომუნიკაციების კომისიას“, უფლებამოსილება მიენიჭა, დანიშნოს „სპეციალური მმართველი“ ელექტრონული კომუნიკაციების ნებისმიერ იმ კომპანიაში, რომელიც ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილებების შესრულებას.

“ასეთ „სპეციალურ მმართველს“ კანონი უფლებამოსილებას ანიჭებს, მიიღოს ნებისმიერი მმართველობითი გადაწყვეტილება გარდა კომპანიის აქციების გასხვისებისა. ადგილობრივ ორგანიზაციათა გაერთიანებამ – „მედიის ადვოკატირების კოალიციამ” და „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ ეს კანონი გააკრიტიკეს სამაუწყებლო მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამო. „კომუნიკაციების კომისიის“ თქმით, კანონი მხოლოდ მობილური და ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლებს ეხება და არა მედიას ან მაუწყებლებს.”- წერია დოკუმენტში. 

ანგარიშში საუბარია აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენებზე, როცა, თანამშრომლების მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში შესაძლო ჩარევის გამო პროტესტი გამოხატეს, რის შემდეგაც არხის ხელმძღვანელობამ მათი ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლა. განსაკუთრებით ყურადღებაა გამახვილებული მთავარი საინფორმაციო პროგრამის წამყვანი თეონა ბაკურიძის გათავისუფლების ფაქტზე. „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ დაგმეს ბაკურიძის გათავისუფლება და მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, „შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა“ აჭარის ტელევიზიაზე. 

HRW ასევე ყვება ალტერნატიული პროფკავშირების აქტიური წევრების გათავისუფლებაზეც, რომელთა ორგანიზებითაც 4 დღით ადრე აქცია მოეწყო სარედაქციო პოლიტიკაში ახალი მენეჯმენტის ჩარევის გასაპროტესტებლად. ისინი სამსახურში მოგვიანებით აღადგინეს, მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიის 280 თანამშრომელმა ასეთი მოთხოვნით შედგენილ პეტიციას მოაწერა ხელი.

რაც შეეხება მთავარ არხს – ანგარიშში აღნიშნულია ის ფაქტი, რომ არხზე გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სავარაუდო საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ეს გამოძიება გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის სახიფათო პრეცედენტად შეაფასეს, განსაკუთრებით იმ ნეგატიური დამოკიდებულების გათვალისწინებით, რომელსაც ხელისუფლება „მთავარი არხის“ სარედაქციო პოლიტიკის მიმართ ავლენდა. 

შრომითი უფლებები

პრობლემად რჩება სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების და მუშაობის სათანადო პირობები.-წერია ანგარიშში. 

ანგარიშში მოყვანილია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მონაცემები, რომლის მიხედვითაც, წლის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე სამუშაო ადგილებზე 22 ადამიანი დაიღუპა და 110 დაშავდა. 

დადებითადაა შეფასებული სექტემბერში პარლამენტმა შრომის კანონმდებლობაში მიღებული ცვლილებები, რომლითაც დარეგულირდა ყოველკვირეული სამუშაო საათები, ზეგანაკვეთური სამუშაო, ღამის ცვლები, სავალდებულო ყოველკვირეული დასვენება და ცვლების დროს შესვენებები.

ნარკოპოლიტიკა

ხელისუფლებამ მკაცრი ანტინარკოტიკული კანონმდებლობა შეინარჩუნა, რომლითაც ადამიანებს ნარკოტიკული ნივთიერების (მარიხუანის გარდა) მოხმარების ან პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის სჯიან.

ივნისში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადამიანის პატიმრობა ნარკოტიკული საშუალების ისეთი მცირე ოდენობით ფლობისთვის, რომელიც ინტოქსიკაციას არ იწვევს. თუმცა, საკანონმდებლო რეფორმა, რომლითაც ნარკოტიკის მოხმარებისადმი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მიდგომები დაინერგებოდა და ძირეულად შეიცვლებოდა არსებული სადამსჯელო პრაქტიკა, კვლავ განუხილველი დარჩა.