დიდ ქალაქებში 1 ოქტომბრიდან მეექვსე კლასის ზემოთ ბავშვები სწავლას კვლავ დისტანციურად განაგრძობენ – მთავრობა

September 24, 2020

პირველი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ, დანარჩენი კლასის მოსწავლეებისთვის კი სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. იგი არ ვრცელდება აჭარის რეგიონზე. 

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, 1 ოქტომბრიდან ყველა კლასის მოსწავლისთვსი სწავლა სასკოლო ოთახებიდან განახლდება ფოთისა და გორის სკოლებში. ამ ქალაქებში სწავლა 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყო. საქართველოს სხვა სკოლებში სწავლა ჩვეულ რეჯიმში მიმდინარეობდა.

„ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონიდან, პირველი ოქტომბრიდან, 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები ფიზიკურად საკლასო ოთახებში დაიწყებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს რუსთავს და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთს და გორს, პირველი ოქტომბრიდან სწავლა სკოლებში გაგრძელდება ყველა კლასში“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, სწავლა კვლავ დისტანციურად გაგრძელდება უმაღლეს სასწავლებლებში.

„ამ ეტაპზე სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციურად გაგრძელდება. კონკრეტულად დეტალებს  – სად, როგორ, რანაირად,  რა წესების დაცვით, ამაზე განათლების მინისტრი ისაუბრებს, “_ განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ახალი სასწავლო წელი სასკოლო ოთახებიდან 15 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქალაქსა და სკოლაში სწავლა 1 ოქტომბრამდე დისტანციურად განახლდა.

Leave a Reply