ხათუნა პაპიძეს საცხოვრებელი სახლი აღარ აქვს. გუშინ, ვალეში მეორე შახტში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილმა ხანძარმა, მისი სახლი სრულად გაანადგურა. ახლა მისი ნივთები კორპუსის მიმდებარედ და მეზობლების სათავსოებშია გადანაწილებული. ოჯახს სხვა საცხოვრებელი არ აქვს.
დაახლოებით 80 წლის წინ, მეშახტეებისთვის აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც წლებია ავარიულია, ხანძარი წუხელ ღამით გაჩნდა. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ მეხანძრე მაშველები დროულად მოვიდნენ, თუმცა იმის გამო, რომ კორპუსის ძირითადი ნაწილი ხისგან შედგება, ხანძარი მალევე გავრცელდა და გარდა პაპიძეების სახლისა, დააზიანა სხვების ბინებიც, მათ შორის აზგან ირიციანის საცხოვრებელიც.
შეისწავლეს თუ არა რამ გამოიწვია ხანძარი, რა ზომის ზარალი მიადგა კორპუსში მაცხოვრებლებს და რა გეგმა აქვს ახალციხის მერიას ? – მერიაში ვიდეო კომენტარი
არ გაკეთეს, თუმცა მოგვწერეს, რომ მათ ერთი ოჯახი ალტერნატიულ ფართში გადაიყვანეს, ციტატა: “მომართვის შემთხვევაში მერია ასევე უზრუნველყოფს კორპუსში მცხოვრები სხვა ოჯახების ბინის ქირის გადახდას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის დათვლის პროცედურა.”
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით იძიებს. კორპუსის დამწვარი ნაწილი ამჟამად ცარიელია, ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ კრიმინალისტები, რომლებიც ცდილობენ გაარკვიონ თუ რამ გამოიწვია ხანძარი.
აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსი უკვე წლებია ავარიულია.
მეორე შახტის დასახლებაში, 24 დაზიანებულ კორპუსში 100-ზე მეტი მოსახლე ცხოვრობს. ისინი უკვე წლებია ითხოვენ შენობების რეაბილიტაციას.
კორპუსების შეკეთების და ხალხის უსაფრთხოდ განთავსების პირობას 2012 წლიდან “ქართული ოცნებაც” დებდა. პირობა ამ დრომდე შეუსრულებელია.