ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
“დღეს [უკრაინის] საელჩო არ გამორიცხავს შესაძლებლობას, მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ განიხილონ დახმარების გაწევის შესაძლებლობა, საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციაში დასახმარებლად,” – აცხადებს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი.
როგორც მან უკრაინულ გამოცემა “ევროპესკაია პრავდასთან” ინტერვიუში განაცხადა, იგი არ გამორიცხავს უკრაინელების საქართველოდან ევაკუაციას, იმ შემთხვევაში თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ, მას შემდეგ, თუ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება.
ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებას წინ უძღვოდა, ირაკლი კობახიძეს ნათქვამი, რომ “თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები აღდგება ეს მნიშნელოვანი იქნებოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის,” – ეს განცხადება მან 19 იანვარს, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა.
კასიანოვის განცხადებით, ის გარემოება, რომ საქართველოს სურს ფრენები აღადგინოს ოკუპანტ ქვეყანასთან, ასევე ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას, რომელმაც ავიამიმოსვლა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დახურა.
განცხადებას გამოეხმაურნენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და მათ შორის პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც, რომელმაც განცხადებას სამარცხვინო უწოდა.
„კასიანოვისგან ასეთ არარელევანტურ განცხადებებს ჩვენ მიჩვეული ვართ. ყველამ იცის, რომ ფრენების აღდგენას არავითარი კავშირი არ აქვს რუსების მოზღვავებასთან საქართველოში. სწორედ კასიანოვი მოგვიწოდებდა ჩვენ ომში ჩართვისკენ და ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდებოდა არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ქართველების ევაკუაციაც საქართველოდან,” – განაცხადა კობახიძემ.