“დღეს სომხეთში წასვლის მსურველთა 44 განცხადება შემოვიდა” – ახალქალაქის მერი

February 8, 2021

ბავრა- ნონოწმინდის საბაჟო გამშვები პუნქტი ამუშავდა. საქართველო – სომხეთის საზღვრის გადაკვეთა მოსახლეობას 10:00-18:00 საათამდე შეუძლია. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მერია სიებს ადგენს და სამხარეო ადმინისტრაციაში გზავნის, ადმინისტრაცია კი – სამინისტროში. უნანიანის თქმით, დღეს დაიწყო განცხადებების მიღება და უკვე 44-მა ადამიანმა გამოთქვა საზღვრის გადაკვეთის სურვილი 

“დღეს დაიწყო განცხადებების მიღება და უკვე 44 ადამიანია საზღვრის გადაკვეთის მსურველი.”

რა პრინციპით ხდება საზღვრის გადაკვეთის მსურველთა შერჩევა და რა პროცედურებია საჭირო? კითხვებზე პასუხის მისაღებად ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით. უწყების მიერ გამოგზავნილი ინფორმაციით: “საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. სომხეთის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, პირი დაექვემდებარება გარეგან შემოწმებას, ახალი კორონავირუსის COVID-19 სიმპტომების გამოსავლენად. ისინი, ვინც ვერ წარადგენენ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელ დოკუმენტს, ტესტირებას გაივლიან საზღვარზე და გადავლენ იზოლაციაში, ტესტის პასუხის შეტყობინებამდე.” – აღნიშნულია განცხადებაში.  უფრო დეტალურად  უწყებაში არ გვპასუხობენ.

შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს ახალქალაქში მცხოვრებელებმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. მათი მთავარი მოთხოვნა სახმელეთო საზღვრების გახსნა და სამუშაოდ წასვლის შესაძლებლობა იყო.

Toktv.ge